მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო იღუმენ იონასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს შენობა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონასთან (მაისურაძე) დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

„ბოლო დღეებში ინტენსიურად გვიკავშირდებიან იღუმენ იონას (მაისურაძე) გამო. ვუპასუხებთ ხშირად დასმულ კითხვებს - 2019 წელს მას მღვდელმსახურება ნამდვილად შეუჩერდა. საკითხი ეხებოდა მღვდლის და მონაზვნისათვის შეუფერებელ ზნეობრივ გადაცდომას. ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს შევიწროების საჩივრით მომართა, არ იყო არასრულწლოვანი, თუმცა საჩივარში აღნიშნული ზნეობრივი დანაშაული გახლდათ.

ამ ფაქტის გამო, იღუმენ იონას დაედო საეკლესიო სასჯელი და შეუჩერდა მღვდელმსახურება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში მომჩივანს პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა სხვა შემთხვევის შესახებ.

ამჯერად იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი. დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი შეფასდება, მძიმე დანაშაულად, თუმცა საპატრიარქოსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არც მანამდე და არც შემდგომში არავის მოუმართავს. თავად იღუმენი იონა კომისიაზე იყო დაბარებული და ყველა ბრალდება უარყო.

ცნობისათვის, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა განიხილება კომისიაზე და დადასტურების შემთხვევაში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.