მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს“ - გიგა მაქარაშვილი ვარლამ გოლეთიანს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი Pia.ge

„ძალიან მწყდება გული, ეგრე ქარს რომ ატან მართალი მოქალაქეების სოლიდარობას!“ - ამ სიტყვებით მიმართავს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რიონის ხეობის მცველს ვარლამ გოლეთიანს და რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის თანახმად, სირცხვილიას აქტივისტს სალომე ბარკერს, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ.

„ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელებ მეგობრებს. და როგორ გავაგრძელოთ ახლა? ჩაგიდგე ჯიბრში? გავხდე მეც ბნელი?

არა ძმაო, პოლიცია რომ მოვა შენს გასაწევად, იცოდე პირველები ზუკა და მანქი მოვლენ!!! შენამდეც ვიდექით ჩაგრული მოქალაქეების გვერდით და შენს შემდეგაც იგივეს ვაპირებთ!

მე ვიცი რას ნიშნავს 300 დღე ქუჩაში დგომა და ძალიან მწყდება გული, ეგრე ქარს რომ ატან მართალი მოქალაქეების სოლიდარობას!,“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, 24 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაპირისპირება მოხდა. სირცხვილიას აქტივისტს სალომე ბარკერს ჰომოფობიური ჯგუფები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდნენ.

როგორც სალომე ბარკერი აცხადებს, ის აქციაზე მეგობრებთან ერთად ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერად იყო მისული, რადგან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და პროტესტის მხარდაჭერას აპირებდნენ.

ბარკერსა და მის მეგობრებს აქციის მონაწილეებმა პროვოკატორები უწოდეს და მოთხოვნა წაუყენეს, რომ ლგბტ სამკლავური მოეხსნა. ბარკერმა განაცხადა, რომ ამ სამკლაურს უკვე ორი წელია ატარებს. „პროვოკაციისთვის" არ გაუკეთებია და არც მის მოხსნას აპირებს.

საბოლოოდ, როგორც ბარკერი ამბობს, ის და მისი მეგობრები აქციიდან გააგდეს:

„გვეძახეს პროვოკატორები. ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი, ვიღაცამ მითხრა, რას ჰგავხარო, ვიღაცამ ამიკრძალა ლაპარაკი და ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, ვიღაცებს ჰგონიათ იქ, რომ მე პროვოკაციას ვდგამ.

გამომაგდეს აქციიდან, აქ ნუ დგახარ და ინტერვიუსაც ნუ აძლევ, ეგეც აკრძალულიაო. ძალიან მრცხვენია, მე აქ მხარდასაჭერად მოვედი და არაფერი მსგავსი არ მინდოდა, რაც ახლა მოხდა. მოკითხონ იმ ადამიანებს, ვინც იქ ჰყავთ მხარდამჭერებად", - განაცხადა ბარკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აქტივისტები დაპირისპირებული ჯგუფებიდან პოლიციამ გამოიყვანა. საბოლოოდ მათ აქცია დატოვეს.

აღნიშნულ ფაქტს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ აქციაზე მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება:

„გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ, რა არის ახლა ამ ძალადობისა და დაპირისპირების გამომწვევი მიზეზები - ეს შეიძლება გახდეს გარკვეული სიმბოლიკები. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. არ აქვს მნიშვნელობა რა სიმბოლიკა იქნება, რა ჯგუფს გამოხატავს, რა პარტიას გამოხატავს... მხოლოდ სახელმწიფო სიმბოლიკა დაიშვება ჩვენს აქციებზე და ეს იქნება სწორედ ის პრევენცია, რომ არ მოხდეს რამე მსგავსი დაპირისპირებები. ყველამ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაკეთოთ საქმე,“ - აღნიშნა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს გაიმართა. აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერა და სახელმწიფოს ულტიმატუმი წაუყენა.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, თუკი 24 მაისის 12 საათამდე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი თბილისის პიკეტირებას მოახდენდნენ.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და მთელი ღამე ადგილზე დარჩნენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ულტიმატუმის წაყენებასთან დაკავშირებით „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. პრემიერის თქმით, ულტიმატუმის ენით საუბარი ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთია.

ვარლამ გოლეთიანის ულტიმატუმს, აგრეთვე, გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აღნიშნა, რომ ულტიმატუმი და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა.

პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის გამოხმაურებას ვარლამ გოლეთიანმა არაადეკვატური უწოდა:

„ხეობას ხელისუფლება ყიდის, რესურსებს ხელისუფლება ასხვისებს, უგულებელყოფილია ადამიანის უფლებები და ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ და ვცდილობთ იმ ფონზე, რომ ჩვენს მიმართ აგორებულია დიდი შავი პიარ-კამპანია, რასაც ხელისუფლება უდგას სათავეში. იმის თქმა, რომ ჩვენ გვინდა 90-იანებში დაბრუნება და არ გვინდა განვითარება, ვფიქრობ რომ არაადეკვატური შეფასებაა“- აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔵 რა ხდებოდა 24 მაისის ღამეს ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე? (ვიდეო)