მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: პრემიერმინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი Pia.ge

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის ფეისბუკპოსტს ეხმაურება, რომლის თანახმად ნინო გიორგობიანი წერს, რომ კახეთში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი იმყოფებოდა.

„ეს იმ სერიიდან არის ოჯახში რომ უვარდებოდნენ, აჰყავდათ და საცვლების ამარა გაჰყავდათ ოჯახის უფროსები საკუთარი შვილების, მეუღლისა და მშობლების თვალწინ. სირცხვილია ხალხო, სირცხვილი! თქვენთვის დარჩა რამე ფასეული?! სად ხარ სახალხო დამცველო Nino Lomjaria ხმა ამოიღე თუ „პოლიტიკურად“ ღრმა ძილით გძინავს?!
სახლის კართან ჩასაფრებული ჟურნალისტების არაპროფესიული ქცევის „სტანდარტის“ სტრესული ფაქტორების გათვალისწინებით პრემიერმინისტრის შვილებზე ხორციელდება ემოციური ძალადობა!

ემოციური ძალადობის სიმძიმეს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ ემოციური ძალადობის სიმძიმის შეფასებისას მნიშვნელოვანია მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება, მათ შორის ბავშვების ასაკი, ბავშვების ფსიქიკური ადეკვატურობა და სხვა. ფაქტია, პრემიერმინისტრის შვილები, ბავშვები, იძულებულნი არიან მოისმინონ საკუთარი მამის მიმართ გაჟღერებული მძიმე და უსამართლო ბრალდებები. პროფესიის მიუხედავად წესით ყველა ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი მათი ფსიქიკისთვის მძიმეა. ჟურნალისტებო, გამოდით ველური ჟურნალისტის როლიდან, თქვენც ხომ გყავთ ოჯახი და შვილები?! ნუ შევეჩვევით, ნუ მივიღებთ ამ სიველურეს როგორც ნორმას, ჩვენი ქმედებითა თუ სიჩუმით ნუ გავხდებით ბავშვზე ძალადობის მიმართ ტოლერანტული საზოგადოება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი.

გიორგობიანის თქმით, ჟურნალისტი გაეკიდა პრემიერ-მინისტრის შვილებს, 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას და მათ კითხვები დაუსვა. ასევე, გიორგობიანმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა ფარულად გადაუღო კადრები სახლის ეზოს, სადაც იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრის შვილები - 6 წლის გაბრიელი, 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი.