მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ დარღვევები იქნება, გადაწყვეტილებას მივიღებ, არ დამჭირდება ვინმესთან შეთანხმება“ - მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სერიოზული დარღვევები იქნება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, გადაწყვეტილებას მიიღებს და არავისთან არ დასჭირდება შეთანხმება.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე რამდენიმე სახლი აშენდება აღსაზრდელებისთვის, სადაც ოჯახური გარემო იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში მეუფე იაკობი აცხადებს, რომ აპირებს არსებულ სიტუაციას კარგად გაეცნოს.

„აუცილებლად მივიღებ ზომებს. ზოგი ისეთი განწყობით არის, რომ უნდათ საერთოდ ყველაფერი ცუდად იყოს, ყველაფერი დაიშალოს და ჩამოიშალოს. ხომ უნდა ვისწავლოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ უნდა ვაშენოთ. ძალიან საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. ავაშენებთ საწყის ეტაპზე რამდენიმე სახლს, სადაც იქნება ოჯახური გარემო. 2022 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს ასეთი დაწესებულების ფუნქციონირება, ჩვენ ვაკეთებთ ისე, როგორც არის მიღებული მსოფლიოში.

ვაკეთებთ საერთაშორისო სტანდარტებით. ხან იძახიან რატომ დაინიშნა მეუფეო, მაშინ ჩაატარონ შიდა არჩევნები. აქაურ სიტუაციას გავეცნობი, აქ დაწესებულებაა და არ არის ფანატიკური სიტუაცია. თუ დარღვევები იქნება, აუცილებლად მივიღებ გადაწყვეტილებას, არ დამჭირდება ვინმესთან შეთანხმება. თუ ვნახავ, რომ სერიოზული დარღვევაა, ყველა ფაქტზე მივიღებ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს მეუფე იაკობი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ არის ნაწყენი მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობზე? სასულიერო პირი ამბობს, რომ არა.

„დილითაც მქონდა საუბარი და რაღაც საკითხები გავიარეთ. ნაწყენი რატომ უნდა იყოს?“ - აცხადებს მეუფე იაკობი.

ინფორმაციისთვის, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.