მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“ - გოლეთიანი

ვარლამ გოლეთიანი თბილისში აქციაზე

„თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“, - ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხი არ იქნება, თბილისში გზები გადაიკეტება.

„ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო, ჩაირთო ეს წამმზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა, ჩვენი მოქმედებ განსაზღვრულია და ამ საქმეს თითოეული ჩვენგანი ბოლომდე მივყვებით.

თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმრავლე“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.