მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც ამ პოლიტიკურ პროცესში ვმონაწილეობთ, მოგვეთხოვება იმაზე მეტად გაწონასწორებული საქციელი, რაც ზოგადად საზოგადოებას ეკადრება“ - ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველი

ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროცესი, რომელშიც ისინი მონაწილეობენ, პოლიტიკურია.

„ჩვენ, მათ შორის მედიასაც, პოლიციასაც, თითოეულ ჩვენგანი, ვინც აქ ვდგავართ და ვმონაწილეობთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში, მოეთხოვება იმაზე უფრო გაწონასწორებული საქციელი და ნაბიჯი, რაც ეკადრება, ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას,“- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. 24-26 მაისს რიონის ხეობის მცველებმა მხარდამჭერებთან ერთად აქციები თბილისში გამართეს.

26 მაისს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობაში დაბრუნდნენ და საპროტესტო აქციები ადგილზე გააგრძელეს. მათი თქმით, ისინი კომპანია „ენკას“ მაქსიმალურად შეზღუდავენ და გუმათში სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

ხეობის მცველები ამ დროისთვის კომპანია „ენკას“ საწყობის შესასვლელთან იმყოფებიან და ადგილზე მოძრაობას აკონტროლებენ. კომპანიის თანამშრომლებს გადაადგილება სპეცრაზმის დახმარებით უწევთ.

ცოტა ხნის წინ „ენკას“ ორი თანამშრომლის მიერ ბაზის დატოვებას ხმაური მოჰყვა პროტესტის მონაწილეების მხრიდან. საბოლოოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია საპოლიციო ძალების ჩარევის შემდეგ დატოვეს.

როგორც პროტესტის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კომპანიის თანამშრომლებისა და სპეცტექნიკის გადაადგილებას ადგილობრივები დღესაც ხელს შეუშლიან.

რიონის ხეობის მცველები საღამოს რკინის ბარიკადებთან მისვლას და საკუთარი მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაფიქსირებას გეგმავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.