მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიწყებ ამ მახინჯი კედლის დაშლას და ნურავინ ეცდება გამაჩეროს“ - სოსო გოგაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ორგანიზატორმა” უგულებელყო სახელმწიფო ინტერესები, ეკლესიის და უწმინდესის ავტორიტეტი“.

სოსო გოგაშვილის თქმით, ის პირადად იყო ამ სისტემის ნაწილი და კარგად იცის ამ სისტემის მუშაობის მეთოდები, ბერკეტები და მოტივაცია.

„მინდა გამოვეხმაურო სუსიდან გამოტანილი საინფორმაციო ბაზის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს. პირველი, რაც მინდა დავაფიქსირო არის ის, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებებს.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც „ორგანიზატორმა” უგულებელყო სახელმწიფო ინტერესები, ეკლესიის და უწმინდესის ავტორიტეტი. თავის მიზანს, გაანადგუროს ის და ამავდროულად დაშალოს ოცნება, გადააყოლა ყველა მთავარი ეროვნული ღირებულებები.

მე პირადად ვიყავი ამ სისტემის ნაწილი 2013 წლიდან. რიგითი არა და იცით ეს ყველამ. ბუნებრივია, ვიცი მეთოდები, ბერკეტები, მოტივაცია და მიზნები ამ სისტემის მუშაობისა. ბუნებრივია, საზოგადოების და მედიის კითხვები კონკრეტული (ყოფილი, თუ ახლანდელი) მაღალჩინოსნების, მიმართ. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ პოზიციას მოგახსენებთ. მერწმუნეთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ყველაზე მეტად ჩემს ინტერესებშია.

თუმცა იმასაც ნათლად ვაანალიზებთ, რომ ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა გაჭირდება. მე ჯერ კიდევ სისტემაში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ, დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. ამიტომ ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! ყველა მოქმედი, თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან“, - აღნიშნა გოგაშვილმა.

მისივე თქმით, ის ამ მახინჯი კედლის დაშლას იწყებს. გოგაშვილი აცხადებს, რომ მტკიცედ დგას ამ გზაზე და ნურავინ შეეცდება მის გაჩერებას.

„სისტემის დანგრევას არ უნდა შესწირო შენი ქვეყანა. ვიმეორებ ვიწყებ, ამ მახინჯი კედლის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვი არ გადაჰყვება. დასანგრევი დაინგრევა და ჭუჭყი ჩაირეცხება. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა! უნდა მოხდეს ბოროტების მანქანის დემონტაჟი და არა სტიქიური მსხვრევა, რაც საქართველოს მტრებს მეტად გააძლიერებს.

მე მტკიცედ ვდგავარ ამ გზაზე და ნურავინ ეცდება გამაჩეროს და გადამეღობოს. მე გამაჩერებთ? ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი, ჩემი ნამდვილი მეგობრები გააკეთებენ ამას.
„კუდი გამოგიჩნდათ პატივცემულო”…

მე ვმუშაობ, რომ მეტი ინფორმაცია მოვიპოვო იმის დასადასტურებლად, თუ ვინ განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, დიახ ეს არის უდიდესი მასშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩემთვის პირადად საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ეს, მაგრამ დრო მჭირდება და ავწევ ვერსიის რეალობის დონეს.

რაც შეეხება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში მავანთა მიერ გაჟღერებულ სისულელეებს, რომლის საშუალებითაც სასურველი მიმართულებით ისრების გადატანას ცდილობენ. ეს უსუსური და სასაცილო მეთოდები გაცვდა და მოეშვით. ქვეყანა თავზე დაგექცათ და შეჩერდით.

P.S მინდა თხოვნით მივმართო ყველა მედია საშუალებას: ნამდვილად დასაფასებელია თქვენი პოზიცია, რომ ერიდებით მოპოვებული მასალის უკონტროლოდ გავრცელებას. ბუნებრივია უნდა გააშუქოთ ინფორმაცია და ნაწილი შესაძლოა გაასაჯაროოთ, მაგრამ ძალიან სიფრთხილით მოეკიდეთ ამ ამბავს.

მაქსიმალური მოქალაქეობრივი და მორალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ ყველამ. შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოყვეს და ამით ვერავინ ვერ იხეირებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრები. ეს ჩვენი ყველას ქვეყანაა და ნუ დავანგრევინებთ მავანს“, - წერს სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე:

🔴 „ყოველთვის ვიცოდი, რომ მისმენდნენ“ - არქიმანდრიტი ბართლომე ფარულ ჩანაწერებზე

🔴 „ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მისმენდნენ, არა მარტო სახელმწიფო სამსახურები, არამედ სხვებიც“ - არქიმანდრიტი ივანე

🔴 „ეს არის ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი წერილი“ - მეუფე ნიკოლოზი ფარული ჩანაწერების შესახებ (ვიდეო)