მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვნახეთ ინექციაზე საეჭვო უბნები ორივე საზარდულის მიდამოში - ექსპერტი ოპერატორის ცხედრის პირველად დათვალიერებაზე

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე Pia.ge

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედრის პირველადი დათვალიერება დასრულდა.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თითქმის რვა საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ როგორც კრიმინალისტები, ისე ექსპერტები. მათ შორის, იმყოფებოდა დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელსაც „ტვ პირველმა“ ალტერნატიული ექსპერტიზის მიზნით მიმართა.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა საეჭვო უბნები ინექციებზე. სწორედ ამიტომ, აღნიშნული უბნები გადაიგზავნა ქიმიურ გამოკვლევებზე:

„ვნახეთ ინექციაზე საეჭვო უბნები ორივე საზარდულის მიდამოში. აგრეთვე, ინექციის კვალი აღენიშნებოდა დუნდულოს პროექციაზე, რაც სამედიცინო ჩარევის შედეგია. მას მკურნალობის თითქმის ყოველ დღე საავადმყოფოში უკეთდებოდა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი მორფინი. ეს ორი უბანი, რომელიც საზარდულის მიდამოებშია აღებული, მიგვაჩნია, რომ საეჭვო იყო ინექციებზე, შესაბამისად, მოხდა ამ ორივე უბნის ამოჭრა და გაგზავნა როგორც ქიმიურ, ისე, გისკოპათომორფოლოგიურ გამოკვლევებზე. თუკი საბოლოოდ დადასტურდება, რომ ეს არის ინექციის შედეგი, მაშინ განისაზღვრება ამ ინექციის ირგვლივ, რბილ ქსოვილებში არის თუ არა რაიმე ნივთიერება. აგრეთვე, განისაზღვრება თუ რა სახის და ხანდაზმულობის არის ინექციაზე საეჭვო უბანი“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ნიმუშები უკვე აღებულია. ექსპერტი დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა, ყურადღებას ამახვილებს იმ ტრავმებზე, რომელიც ოპერატორმა ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისის აქციაზე მიიღო.

ექსპერტის თქმით, მასიური სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო ოპერატორის სიკვდილი გამოეწვია, არ შეინიშნება. მისივე თქმით, საბოლოო დასკვნა, დაახლოებით, თვე-ნახევარში გახდება ცნობილი:

„ავადმყოფობის ისტორიების მონაცემებით მარცხენა თვალბუდის კედლების ფრაგმენტილოვან მოტეხილობას არ შეეძლო გამოეწვია სიკვდილი და ვერც გამოიწვევდა, რაც ფაქტობრივად, დამტკიცდა კიდეც. ამავდროულად, გვამის გამოკვლევის დროს თავის ტვინში და ქალა ფუძის ძვლებში ვერ ვნახეთ ვიზუალური, აშკარა, ტლანქი ხასიათის ვერანაირი ტრავმული ცვლილებები, რომელიც ცალსახად მოგვცემდა საშუალებას, გვეთქვა, რომ სიკვდილის მიზეზი არის ესა თუ ის ტრავმა. ამიტომ, ავიღეთ საეჭვო ნიმუშები თავის ტვინიდან, სხვა ორგანოებიდან, ფილტვებიდან, ღვიძლიდან და ა.შ. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ საავადმყოფოდან გაწერილი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნების სიკვდილი უცბად, 11 რიცხვში დადგა, დეტალურად დავათვალიერეთ სხეული. გარდაცვლილს ცხვირ-პირის აპერტურებზე ჰქონდა თეთრი ქაფნარევი სითხე, შეშუპება და სახის ციანოზი, რაც ვიზუალურად მიუთითებდა ფილტვის მწვავე უკმარისობისკენ“, - აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ „იმედის“ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.