მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“ - სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

„ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საშუალებით მუშაობდა.

„საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში წარმოადგენდა განხილვის მთავარ საგანს და ხუთივე შეხვედრის ფარგლებში ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მწვავედ იქნა დასმული ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ორივე რაუნდის განმავლობაში, ცენტრალური ხელისუფლება მოითხოვდა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლებას. ასეთივე მოთხოვნა დაყენდება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დაგეგმილ ჟენევის დისკუსიების შეხვედრაზე“, - აღნიშნა საბედაშვილმა.

საბედაშვილი აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის დღიდან, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცხელი ხაზი პრაქტიკულად ყოველდღე აქტიურდება, რაც მოიცავს როგორც მისი უკანონო პატიმრობის მდგომარეობის ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებას.

„ცენტრალური ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური მონაწილეობით, კომუნიკაცია მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს ზაზა გახელაძის ოჯახთან. ჩვენი მხრიდან მათ ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია ზაზა გახელაძის მდგომარეობის შესახებ, ასევე IPRM-ისა თუ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიღწეული წინსვლის შესახებ.

ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება. უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ქეისი წარმოადგენს მძიმე შემთხვევას, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებას ახსოვს ამაზე მძიმე შემთხვევებიც და ყველა უკანონო პატიმრობა დასრულდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლებით“, - აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „არანაირი იმედი არ გვაქვს“ - საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე

✔️ ზაზა გახელაძეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა