მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე, ევროპული ბაზრის მსგავსად, ვირტუალური ოპერატორები გაჩნდებიან

კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ევროპის ქვეყნების მსგავსად, 2021 წლის თებერვლიდან საქართველოში ვირტუალური ოპერატორები (MVNO) შეძლებენ ოპერირებას, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს დაეკისრათ ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებს მისცენ დაშვება.

„მობილური ოპერატორის ქსელზე ვირტუალური ოპერატორის დაშვებით, ახალ მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობა დაიკავონ ბაზრის სეგმენტი, რაც ინოვაციური პროდუქტების მიწოდებას და მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების არჩევანის გაზრდას უზრუნველყოფს.

MVNO არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი ქსელის გარეშე, შესთავაზოს აბონენტებს მომსახურება. ამასთანავე,  ვირტუალურ ოპერატორებს აქვთ მეტი შესაძლებლობა, საკუთარი რესურსები სრულად მიმართონ  ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად და მრავალფეროვანი სერვისები მიაწოდონ საზოგადოებას. ასევე, ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლა მობილურ მომსახურებებზე კონკურენციას მაქსიმალურად გაზრდის, რაც იმის გარანტია, რომ პირველ ეტაპზე ფასების გაზრდა ვერ მოხდება, შედარებით გრძელვადიან პერიოდში კი ეს გადაწყვეტილება ინტერნეტსერვისებს უფრო ხელმისაწვდომს  გახდის.

ვირტუალური ოპერატორების დაშვების რეგულაცია წლებია მოქმედებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ის ქვეყნები, სადაც MVNO არსებობს გაცილებით ეფექტური და მრავალფეროვანია. ასევე, ის ბაზრები, სადაც ვირტუალური ოპერატორები ოპერირებენ, ხასიათდება განვითარების მაღალი ტემპით, გამოირჩევა მობილური სერვისების მრავალფეროვნებით და ხელმისაწვდომობით. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ  სწორედ ინოვაციური, მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სერვისები სჭირდება ჩვენს საზოგადოებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.