მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

29 წელი რეფერენდუმიდან

რეფერენდუმი

29 წლის წინ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეფერენდუმი ჩატარდა, მასში ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა და 99%-ზე მეტმა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა.

საქართველოში ეროვნული მოძრაობა იატაკქვეშეთიდან 1987 წელს, მერაბ კოსტავას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გამოვიდა. აქციები მშვიდობიან ვითარებაში 1989 წლის 9 აპრილამდე გრძელდებოდა. 9 აპრილის დარბევის შედეგად, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დემონსტრაციები უფრო პერმანენტული, დამოუკიდებლობის მოთხოვნის იდეა საყოველთაო გახდა.

1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველად 71 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ქვეყანაში მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მასში მონაწილეობა ამომრჩევლეთა 70%-მა მიიღო, მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ხმათა 30% აიღო და უმრავლესობა დაკარგა. ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ხმათა 54% მოიპოვა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს.

პირველი არჩევნებიდან 5 თვეში საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა. კითხვაზე „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოიკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“? ამომრჩეველთა 99.08%-მა -  3 326 100-მა პირმა დადებითი პასუხი გასცა. წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ ამომრჩეველთა 0.51% - 16 917 პირი. ბიულეტინების 0.41% ბათილად იქნა ცნობილი. რეფერენდუმი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა და დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობამაც დაუჭირა.

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

1991 წლის 26 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად გამსახურდიამ 87%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

31 მარტი რეფერენდუმის გარდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა, ის დღეს 81 წლის გახდებოდა.