მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში ფოტო ტური მიმდინარეობს

ფოტოგრაფების ტური აჭარაში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ფოტოგრაფების შეხვედრის შემდეგ, აჭარაში პირველი ფოტო ტური მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოტო ტურში საქართველოს ცნობილი პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან ჩართული. ისინი ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლიან და შეგროვებულ მასალებს ფართო აუდიტორიას გააცნობენ. ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ფოტო-ტურში, რომელიც ამჟამად აჭარის რეგიონში მიმდინარეობს, სხვა ფოტოგრაფებთან ერთად ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი მონაწილეობს, რომელსაც იმედი აქვს, რომ ფოტოებით საერთაშორისო ვიზიტორებიც დაინტერესდებიან.

„ფაქტია, რომ დღეს ფოტოგრაფიას დიდი როლი აკისრია ტურიზმის განვითარებაში, საუბარია არა მხოლოდ შიდა ტურიზმზე ასევე საერთაშორისო ტურიზმზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი საშუალებას გვაძლევს ფოტოგრაფებს ჩავერთოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროექტში და მეტი წვლილი შევიტანოთ ტურიზმის განვითარებაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფოტოები გავა საერთაშორისო ასპარეზზე და ამით ბევრ უცხოელ ტურისტს დავაინტერესებთ და ჩამოვიყვანთ საქართველოში - წელს თუ არა მომავალ წელს მაინც", - აცხადებს გოგა ჩანადირი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ფოტოგრაფების დასაქმებასა და საქართველოს, როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობების ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა შეხვედრამ, რომელიც გასულ კვირას ფოტოგრაფებთან შედგა, ნაყოფიერად ჩაიარა და უკვე ჩვენ გვიდგას შედეგი, რის ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა სურვილი გამოხატეს, წასულიყვნენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ტურზე. აღნიშნული სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს როგორც ფოტოგრაფების დასაქმებას და ტურიზმის განვითარებაში მათ აქტიურ ჩართულობას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულების მხარდაჭერას. პროექტებში ჩართულები არიან და იქნებიან ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები. პროექტის ფარგლებში შეგროვდება ახალი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც გამოვიყენებთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმარებისას“, - აღნიშნავს მარიამ ქვრივიშილი.

„პროექტის მიზანი ქვეყნის ფოტო ბანკის განახლებაა, რაც დამატებით მოგვცემს ქვეყნის საიმიჯო ფოტო მასალას, რომლის გამოყენებაც მოხდება შიდა და საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების დროს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით ხორციელდება ფოტოგრაფების პროფესიის ხელშეწყობა რადგან კოვიდ-19 საგრძნობლად აისახა მათ საქმიანობაზე. მსგავს პროექტებში ჩართულები არიან და იქნებიან ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები, რაც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში დასაქმებასა და ტურისტული პროდუქტის ცოდნის მიზნობრივად გამოყენებას“, - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.