მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

ტიკარაძე და ნიჟარაძე შეხვედრაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში არსებული ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.

მინისტრის თქმით, დღეიდან კოვიდ-19-ის მართვაში, აჭარის რეგიონში ახალი კლინიკები ჩაერთვებიან და გაიზრდება კლინიკების საწოლფონდები.

სამედიცინო დაწესებულებებს კი რომელთაც, კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევის ჩატარების საშუალება არა აქვთ, პაციენტებს დიაგნოსტირების შესაძლებლობების მქონე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანენ. პროცესში საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურიც ჩაერთვება.

გარდა ამისა, მხარეებმა კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული გადამოწმების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

„სამინისტრო, თითქმის მთელი შემადგენლობით აქ ვართ, რომ აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რომლებიც არსებობს, თუმცა ეს არის ხარვეზები, რომელიც პანდემიას თან ახლავს და რომელ ხარვეზებსაც ვერ გაექცნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ჩვენ ყველა ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი.

სწორედ ამიტომ ჩვენ ამ ყველაფერს უფრო ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლის ჩართულობა ინტენსიური და მჭიდრო იყოს. აქ ყოფნის მიზეზიც, სწორედ ეს არის. ვიცით, რომ უკვე მობილიზებულია რამდენიმე სტაციონარული დაწესებულება, რომელთაც კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. მოგიწოდებთ მეტი მობილიზაციისაკენ, რათა გადაუდებელი დახმარების ცენტრს პაციენტების შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა შეეძლოს“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.