მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადგილობრივი წარმოების პირბადეები, შესაძლოა, შემდეგი კვირიდან აფთიაქებში გაიყიდოს

ჰოლანდია პირბადეებს ჩინეთს უკან უბრუნებს

ადგილობრივი წარმოების პირბადეები, შესაძლოა, შემდეგი კვირიდან სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდეს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, პირბადეების ფასი ხელმისაწვდომი იქნება.

"რაც შეეხება რაოდენობას, პირველ ეტაპზე, შეიძლება სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, რადგან დამოკიდებული ვართ ნედლეულის მოწოდებაზე, რაც არ არის მარტივი საქმე, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გვქონდეს ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი, მითუმეტეს, რომ საქართველოში იკერება პირბადეები არამხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე მსხვილი და წვრილი სამკერვალო კომპანიაა ჩართული პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამაში, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. 

"ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ მეტ-ნაკლებად სტაბილურად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც არ არის მარტივი, რადგან დოლბანდი, რომელსაც ვიყენებთ, არ იწარმოება საქართველოში, ეს არის შემოსატანი ნედლეული და ქვეყნებს ამასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესებული. თუმცა, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით უკვე უზრუნველყოფილია ნედლეულის მეტ-ნაკლებად სტაბილური მიწოდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, პირბადეების გარდა, სახელმწიფოს თანადგომით საქართველოში ასევე იწარმოება სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო, დამხმარე საშუალებებიც.

"დღეს ვგეგმავ ვიზიტს ერთ-ერთ ქართულ საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით აფართოებს სამედიცინო ხალათებისა და დამცავი სკაფანდრების კერვას, რა მისაბაძი მაგალითია და ყველა ასეთ წარმოებას დავეხმარებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.