მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალქალაქში ინციდენტისას დაზარალებულები: ეს კონფლიქტი ასე არ დასრულდება

ახალქალაქში მცხოვრები პირები

გადამწვარი სახლებისა და სასტუმროების ტერიტორიაზე ახალქალაქში სამართალდამცველები მუშაობენ.

ქალაქში ასეთი ხუთი ადგილია შემოსაზღვრული, ზარმარიანების სახლის შემდეგ მაღაზიის დაწვა გულიკამის მოსახლეობამ ვეღარ მოასწრო. ნარა ზარმარიანი გვიყვება, როგორ შეატყობინეს მეზობლებმა, რომ 200-მდე ადამიანი, რომელიც ბენზინითა და ხელკეტებით იყო შეიარაღებული, მათი სახლის დაწვას ცდილობდა.

„3 წელია ეს კონფლიქტი გრძელდება, ჩემ შვილს არცერთ მათგანში მონაწილეობა არ მიუღია. ძლივს მოვასწარით სახლის დატოვება, საშინელი ხმაურით მოვიდნენ, ჩაამტვრიეს ფანჯრები და ირგვლივ ბენზინი მოასხეს. პოლიცია ვერაფერს აკეთებდა. 30-მდე თანამშრომელი 200-მდე განრისხებული ადამიანის წინაშე რას იზამდა? პრობლემა ის იყო, რომ პოლიციამ არ იცოდა წინასწარ სად მიდიოდნენ, ამიტომ მუდმივად აგვიანებდნენ“, - ამბობს ნარა ზარმარიანი.

ქალები და ბავშვები ოჯახის უფროსმა ნათესავებთან წაიყვანა, თავად კი მეზობელთან შევიდა და საკუთარი თვალით უყურებდა 30 წლის განმავლობაში ნაგროვები ქონების განადგურებას.

„ყველა ვიცით სახეზე, ეს კონფლიქტი ასე არ დასრულდება... გაგრძელდება ისევ... მოვიდნენ და სახლი აღწერეს, დაზიანებულ ნივთებსა და ოთახებს სურათები გადაუღეს. ყველა უნდა დაისაჯოს. ჩვენ მარტო იმიტომ დავზარალდით, რომ ჩემი შვილი გაბრიელიანებს იცნობდა“, - აცხადებს ხაჩიკ ზარმარიანი.

სოფელ გულიკამის მოსახლეობამ ზარმარიანების გარდა, ახალქალაქში გაბრიელიანების კიდევ სამი ნათესავის სახლი გადაწვეს. დანარჩენ დაზარალებულებს მედიასთან საუბარი არ სურთ. თავად გაბრიელიანების მეზობლები კი ამბობენ, რომ ინცინდენტის დროს სახლიდან არ გამოსულან, რადგან ფიქრობენ, რომ კონფლიქტი ამით არ ამოწურულა.

რაც შეეხება გარდაცვლილ ვართან მირანიანს, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საკუთარ სახლში, გამთენიისას მიასვენეს. გულიკამელების თქმით, მას 7 ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, მათ შორის სასიკვდილო გულის არეში. 8 აგვისტოს მომხდარი ჩხუბის შედეგად, აგრეთვე, დაზარალდა გულიკამში მცხოვრები ორი ახალგაზრდაც, რომლებსაც ხელის მოტეხილობა აღენიშნებათ. ახალქალაქის ჰოსპიტლის დირექტორის ალექს თოროიანის განცხადებით, მათ სამედიცინო მომსახურება გაეწიათ და მალევე გაეწერნენ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია გაბრიელიანების ერთ-ერთი ძმა, რომელსაც განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით ჩადენილ დანაშაულებს ედავებიან, ხოლო მისი მამა თბილისში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის გარდაცვლილმა ვართან მირანიანმა დაჭრა.