ქალაქ ახალციხეში, ცხრა აპრილისა და მიმდებარე ცენტრალურ ქუჩებზე, მიუსაფარმა ძაღლებმა ერთ დღეში ცხრა ბავშვი დაკბინეს. ყველა მათგანი არასრულწლოვანია, მათ შორის ყველაზე პატარა ორი წლისაა.
თეონა ღონღაძე ამბობს, რომ საღამოს ბავშვი სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად ჩამოიყვანა. ბავშვმა სირბილი დაიწყო, რა დროსაც ძაღლი მარცხენა ფეხზე სწვდა და ოთხ ადგილზე უკბინა.
„10-15 წუთის ჩასულები ვიყავით, ბავშვი თამაშობდა, როცა ყვირილი დაიწყო. ძაღლი ქვევიდან ამოვარდა და მარცხენა ბარძაყში წვდა ბავშვს. როგორც კი ბავშვი გამოვგლიჯე პირიდან გამოქცევა ვცადე, ძაღლი კიდევ მოგვყვებოდა“, - ამბობს თეონა ღონღაძე.
მან ორი წლის შვილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ამავე ძაღლისგან დაკბენილი სხვა ბავშვებიც დახვდა.
არასრულწლოვნებს დაზიანებები ძირითადად, კიდურებსა და წელის არეში აქვთ. მედიკოსთა თქმით, დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ცოფის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაუკეთდათ და ყველა მათგანი ეტაპობრივად უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.
"ძაღლისგან დაკბენილი 15 ბავშვი მივიღეთ დღეს, აქედან 9 პირველადი და 6 მეორეული", - გვითხრა ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგმა. მისივე თქმით, შარშანდელთან შედარებით, ძაღლების მიერ დაკბენილთა რაოდენობის სტატისტიკა გაზრდილია.
მიუსაფარი ცხოველიდან ერთ-ერთი შესაბამისმა სამსახურმა უკვე გადაიყვანა დახურულ სივრცეში.