მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალციხეში საკვირაო წირვა ტაძრის ეზოში ჩატარდა

საყოველთაო კურთხევა

ყოველკვირეული წირვა ახალციხის რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ეზოში ჩატარდა. აქამდე ლიტურგიას სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი ეკლესიაში, ნაწილი კი გარეთ ესწრებოდა. დღეიდან კი მორწმუნეები ორმეტრიანი დისტანციით ტაძრის ეზოში განლაგდნენ.

სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მეუფე თეოდორემ მრევლს მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღე მიულოცა და სოციალური დისტანცირების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ იქადაგა.

"ჩვენ უნდა შევიცვალოთ და ჩვენ ცხოვრებაში დავაბრუნოთ ღმერთი. უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, რომ ვიზრუნოთ სხვებზე. რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ვხედავთ, ერთმა პატარა ვირუსმა, როგორ დააჩოქა მსოფლიო. მთავარია ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გვიყვარდეს ერთმანეთი და არ განვიკითხოთ ჩვენს გვერდით მდგომნი. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესები. ჩვენ გარეთ დავესწრებით ამიერიდან წირვებს, რომ დავიცვათ ექიმთა რეკომენდაციები", - განაცხადა ქორეპისკოპოსმა.

უცვლელია ზიარების წესი, თუმცა წირვის დაწყებამდე მრევლს პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი დაურიგდა. ასევე დღეიდან, ტაძარში ფულს დეზინფექცია ჩაუტარდება.