მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანაკლიისა და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წინაშეა - ანაკლიის კონსორციუმის განცხადება

ანაკლიის კონსორციუმი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) აცხადებს, რომ ანაკლიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წინაშე დგას, რადგან პროექტის შეჩერების შემდეგ მთავრობას არ უზრუნია საპროექტო ტერიტორიის მართვაზე.

„პროექტის განვითარების პროცესში, კონსორციუმს მომზადებული ჰქონდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, ADB, AIIB, OPIC) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და პრინციპების გათვალისწინებით, რაც მოიცავდა არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის, არამედ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ, ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვის ღონისძიებებს.

2018 წელს კონსორციუმმა საპროექტო ტერიტორიაზე განახორციელა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ნიადაგის მოხსნა და რეკლამაცია 110 ჰექტარ მიწაზე, რისთვისაც კონსორციუმს მიღებული ჰქონდა შესაბამისი ნებართვები.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს უკვე ნათელი იყო მთავრობის აქტივობა ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ, კონსორციუმი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ გაეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები, და ამავდროულად დაეცვა გარემო მტვრის მავნე ზემოქმედებისგან. კონსორციუმს მთავრობის მხრიდან დასამტკიცებლად მომზადებული ჰქონდა აღნიშნული საკითხის მართვის გეგმა, რის ხარჯსაც რასაკვირველია მთლიანად გაიღებდა კომპანია.

კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში მთავრობამ მფლობელობაში დაიბრუნა საპროექტო ტერიტორია, რითაც კონსორციუმს წაერთვა ტერიტორიაზე წვდომა და მას აღარ შეეძლო შემუშავებული გეგმების განხორციელება. მთელი პასუხისმგებლობა ტერიტორიის მართვაზე გადავიდა სახელმწიფოზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას.

„მთავრობას კარგად ესმოდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად, თუმცა არ მიუღია არანაირი ზომები.

კონსორციუმის განცხადების თანახმად, „მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც უკანონოდ შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება და დააიგნორა გარემოსა და ჯანმრთელობისდაცვითი პრობლემები ადგილზე, არ განუხორციელებია რა არანაირი შემარბილებელი ღონისძიება. თავისი უმოქმედობით სახელმწიფო რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ზიანს აყენებს გარემოს, როცა ასე მიშვებული აქვს საპროექტო ტერიტორია. კონსორციუმი მოუწოდებს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. საპროექტო ტერიტორიის მიმართ ასეთი უყურადღებობით საერთოდ ეჭვქვეშ დგას მთავრობის ინტერესი, რომ განავითაროს თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში - მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა. მთავრობა თავს არიდებს თავისი მოვალეობების შესრულებას“,- ნათქვამია ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის პროექტის განხორციელების ხელშეკრულება ოფიციალურად მიმდინარე წლის 9 იანვარს შეწყდა. მთავრობის განმარტებით, კონსორციუმმა მასზე დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

29 ივლისს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა.