მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფასილიტატორი ელჩები: მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება

აშშ-ს დროშა

ფასილიტატორი ელჩები საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მის მიღებას ულოცავენ, ასევე მწუხარებას გამოთქვამსენ იმ ფაქტის გამო, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ არ მიიღო.

„გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკული მხარე ასევე მოუწოდებს ყველა მხარეს ჩაერთოს რეფორმების მიღებასა და რეკომენდაციაში, ასევე გამოთქვამს სურვილს ყველა მხარემ პატივი სცეს მათ, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას.

„ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში. დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას.“ - აღნიშნულია ფასილიტატორი ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.