მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება

საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც სხვადასხვა მეთოდური მასალა იქნება მოთავსებული. ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველი არხი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინდივიდუალური ნივთები ბავშვებისთვის იმიტომ გამოიყოფა, რომ საერთო საგნების მოხმარება მაქსიმალურად შეიზღუდოს.

ეს ნივთები შეიძლება იყოს: მაკრატელი, საშლელი, სათამაშო და ა.შ.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძეს ცნობით, მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი და საბავშვო ბაღებს რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით კომპანია მოემსახურება.

ასევე არსებული ინფორმაციით, იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება.

„ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ, იგივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი. აიკრძალა ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. ასევე, აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს“ ,- აღნიშნულია ტელეკომპანია „პირველი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ასევე საბავშვო ბაღებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.