მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბირთვული კლუბის 9 წევრიდან 3 საქართველოზე ღარიბია

ატომური ბომბის აფეთქება

XX საუკუნის 20-იან, 30-იან წლებში ფიზიკოსებისთვის ატომბირთვში დამალული ენერგიის შესახებ გახდა ცნობილი. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანია ძალიან ახლოს იდგა მიზანთან, შეექმნა ყველა დროის ყველაზე მრისხანე იარაღი. ჰიტლერის აკვიატებული ანტისემიტიზმი რომ არა, რის გამოც მეცნიერთა დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება მოუწია, შესაძლოა, დღეს სხვა რეალობაში გვეცხოვრა.

ბირთვული იარაღი

აინშტაინის მიერ რუზველტისთვის გაგზავნილმა წერილმა ატომურ იარაღზე მუშაობა დასავლეთშიც დააჩქარა. 1945 წლის ივლისში „მანჰეტენის პროექტის“ ფარგლებში შეერთებულ შტატებს უკვე ჰქონდა ბირთული იარაღი, რომელიც 6 და 9 აგვისტოს იაპონიის ქალაქების - ჰიროსიმასა და ნაგასაკის წინააღმდეგ მიმართა. ატომურ ცეცხლს 300 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათი 90% სამოქალაქო პირი იყო.

hirosima_o_h.jpeg

დიდი ოდენობით უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლის მიუხედავად, ბევრი დღემდე მიიჩნევს, რომ ატომურმა ბომბმა კაცობრიობას ბოროტებაზე მეტი სიკეთე მოუტანა, რადგან კეთილშობილების არა, მაგრამ შიშის გამო მაინც მესამე მსოფლიო ომი თავიდან იქნა აცილებული.

1945-1949 წლებში შეერთებული შტატები ბირთულ იარაღზე სრულ მონოპოლიას ფლობდა, მანამ სანამ ბერიას თაოსნობით შექმნილმა ჯგუფმა კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქურდობა არ ჩაიდინა. არსებობს მოსაზრება, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საბჭოთა ჯარების ავსტრიიდან გაყვანის, თურქეთსა და დასავლეთევროპულ ქვეყნებში არშეჭრის მიზეზი ატომური მუქარა გახდა. 1949 წელს კი ძალები გათანაბრდა.

ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში, 1952 წელს ბირთვულ კლუბს ბრიტანეთიც შეუერთდა, ამ დროს კუნძულოვან სახელმწიფოს ისევ თანამდებობაზე უკან მიბრუნებული ჩერჩილი მართავდა.

დე გოლის პრეზიდენტობისას, 1960 წელს ბირთული იარაღის მფლობელი საფრანგეთიც გახდა.

1962 წელს, კარიბის კრიზის დროს, მსოფლიო განადგურების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები ერთმანეთს ბირთული თავდასხმით ემუქრებოდნენ. კუბაზე განლაგებული რაკეტები აშშ-ის ქალაქებისკენ იყო მიმართული, თურქეთსა და იტალიაში არსებული რაკეტები კი საბჭოთა ქალაქებს უქადდა დაფერფვლას. ღილაკის ერთ დაჭერას შეეძლო ათობით და ასობით მილიონი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოეწვია.

karibis-krizisi_o_h.jpeg

კარიბის კრიზისი ერთადერთი არ ყოფილა, როცა ბირთვული სახელმწიფოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საბჭოთა კავშირის ურთიერთობა რამდენჯერმე ჩინეთთან დაეძაბა. XXI საუკუნეში მცირემასშტაბის ინციდენტები მოხდა ინდოეთ-პაკისტანისა და ჩინეთ-ინდოეთის საზღვრებზე.

ჩინეთი დღეს პლანეტის #2 ეკონომიკაა, რომელიც ზესახელმწიფოებრიობაზე აცხადებს პრეტენზიას, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. 60-70-იან წლებში ჩინეთს აფრიკის უღარიბესი ქვეყნებიც კი უსწრებდნენ, მაგრამ რადგან მილიტარიზმი მაშინაც პრიორიტეტი იყო, ჩინეთმა მოახერხა და 1964 წელს ბირთვული კლუბის მეხუთე წევრი გახდა.

1968 წელს ამ ხუთმა სახელმწიფომ „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას“ მოაწერა ხელი. ხელშეკრულება კრძალავდა ბირთვული არსენალის მესამე სახელმწიფოსთვის გადაცემას, ასევე მათთვის ატომური ბომბის შექმნაში რაიმე ფორმით დახმარების გაწევას. ჰიპოთატურად ხელშეკრულება სრულ განიარაღებასაც გულისხმობდა, რისი იმედიც ხელმოწერის დღიდან არავის ჰქონია.

birtvuli-gauvrtselebloba_o_h.jpeg

გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დადებიდან 6 წლის შემდეგ, 1974 წელს ინდიოეთი ატომური იარაღის მფლობელი მეექვსე სახელმწიფო გახდა. მიზეზად ჩინეთიდან მოსალოდნელი საფრთხის ნეიტრალიზაცია დასახელდა.

24 წლიანი პაუზის შემდეგ ბირთვულ კლუბს პაკისტანიც შეუერთდა, რომელმაც თავის მხრივ ინდოეთიდან წარმოშობილ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. პაკისტანი პირველი და ჯერჯერობით ერთადერი მუსულმანური სახელმწიფოა, რომელიც ატომურ იარაღს ფლობს.

გაურკვეველია ისრაელის სიტუაცია, რომელიც ფლობს ბირთვულ არსენალს, მაგრამ მას ოფიციალურად არ ადასტურებს, ამავე დროს უარყოფისგანაც თავს იკავებს. მან ეს იარაღი სავარაუდოდ 60-70-იან წლებში შექმნა.

XXI საუკუნეში ატომური იარაღის მფლობელი ერთადერთი სახელმწიფო გახდა - ყველაზე ჩაკეტილი ჩრილოეთ კორეა, ქვეყანა რომელმაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი მასში მონაწილეობის გარეშე „მოიგო,“  ქვეყანა რომელმაც „ღამით მზეზე ასტორნავტები გადასხა,“ ქვეყანა სადაც ბელადის გარდაცვალების ენერგიულ დატირებაზე პრემიებია, ზერელე გლოვაზე სანქციები, ქვეყანა, სადაც წელთარიცხვა კიმ ირ სენის დაბადებით იწყება.

kimi_o_h.jpeg

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინამ მემკვიდრეობით მიღებულ ბირთვულ არსენალზე ტერიტორიული მთლიანობის გარანტის სანაცვლოდ უარი საკუთარი ნებით განაცხადა. გარანტორებად რუსეთი, აშშ და ბრიტანეთი დაუდგნენ. ზუსტად 20 წლის შემდეგ, სამიდან ერთმა გარანტორმა უკრაინის ტერიტორიის ანექსია და ოკუპაცია განახორციელა, დარჩენილი 2 გარანტორი სანქციებით შემოიფარგლა.

ბირთვული შეთანხმება

ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო დოქტრინებში მკაცრადაა გაწერილი ის გამონაკლისი შემთხვევები, რა დროსაც მათ ამ იარაღის გამოყენების უფლება ეძლევათ. როგორც წესი, მთავარი აქცენტი საპასუხო ცეცხლზე კეთდება, ვისვრით მხოლოდ მაშინ, თუ სხვებმა გვესროლესო. თუმცა რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ერთი საინტერესო ჩანაწერია, რაც მოსკოვს ნებას რთავს გამოიყენოს იარაღი იმ შემთხვევაშიც, თუ მასზე არაბირთვული თავდასხმის მიუხედავად სახელმწიფოებრიობის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგა. რა შეიძლება მიიჩნიონ კრემლში „სახელმწიფოებრიობის არსებობის საფრთხის ქვეშ დადგომად“, მოსკოვის დაბომბვა თუ მავზოლეუმიდან ლენინის ნეშტის მოპარვა, უცნობია.

მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლო ფლობა გახდა 2003 წელს ერაყში შეჭრის ოფიციალური მოტივი. ვაშინგტონმა იარაღის კვალის პოვნა ვერ შეძლო.

ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობისთვისაა ირანი სანქციებსქვეშ მოქცეული. 2015 წელს ქვეყანასთან შვიდმხირივი (ირანი, აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი) შეთანხმება გაფორმდა. ირანი ბომბზე უარს ამბობდა და ატომური ენერგიის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების პირობას დებდა, სანაცვლოდ სანქციები ეტაპობრივად უნდა მოხსნილიყო. შეთანხმებამ 3 წელი იმუშავა. 2018 წელს ტრამპმა, ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგობის მიუხედავად, თეირანი სიცრუეში დაადანაშაულა და სანქციები აღუდგინა.

1987 წელს „პერესტოიკის“ დროს ხანგძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები ნაწილობრივ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალაში მომდევნო წელს შევიდა. შეთანხმების ძალით შეერთებულმა შტატებმა 800-ზე მეტი, ხოლო საბჭოთა კავშირმა 1800-ზე მეტი ბირთულქობინიანი 500-5500 კმ რადიუსის რაკეტა გაანადგურა.

birtvuli-shetankhmeba_o_h.jpeg

2019 წელს შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება ოფიციალურად დატოვა, რისი მიზეზიც რუსეთის მიერ აკრძალული შეიარაღების ჯერ კალინინგრადში, შემდეგ კი ანექსირებულ ყირიმში განთავსება გახდა.

შეთანხმების დატოვება ავტომატურად აპოკალიფსს არ გულისხმობს. საპასუხო ცეცხლით განადგურების შიში ყოველგვარი ხელმოწერილი და რატიფიცირებული დოკუმენტის გარეშე ისევ მოქმედებს. თავდაცვის 100%-იანი ფარი არ არსებობს. რუსეთსა და აშშ-ს თითოეულს არსენალსი 5500-ზე მეტი ბომბი მოეპოვებათ. ორივე მხარემ იცის, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ თავდაცვის სისტემამ რაკეტების 90% გაანადგურა, რაც არარეალურია, დარჩენილი 10% ქვეყნის სრული განადგურებისთვის საკმარისზე მეტია.

ირაციონალური შიშების დასაძლევად კიდევ 3 არგუმენტი არსებობს: 1) შეთანხმების მონაწილე არ ყოფილა ჩინეთი. 2) შეთანხმება მხოლოდ ხმელეთიდან გასაშვებ რაკეტებს მოიცავდა და არ ეხებოდა წყალქვეშა ან თვითმფრინავით გადასატან ბომბებს. 3) თუ რომელიმე სახელმწიფომ ბირთვული ომის დაწყება გადაწყვიტა, მას ხელშეკრულება ნამდვილად ვერ შეაჩერებს.

ბირთული იარაღის ქონა თავისთავად სახელმწიფოს სიძლიერეზე მეტყველებს, თუმცა არა კეთილდღეობაზე, მართალია ბირთვული სახელმწიფოები ჯამში პლანეტის ეკონომიკის ნახევარზე მეტს აკონტროლებენ, მაგრამ ამავე დროს, ბირთვულ კლუბში შემავალი სახემწიფოების 1/3 - ინდოეთი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა საქართველოზე ღარიბია. 

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი