მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბულგარეთიდან 102 მოქალაქე დააბრუნეს საქართველოში

თვითმფრინავი ცაში

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან თბილისში ჩარტერული რეისით, საქართველოს 102 მოქალაქე ჩამოფრინდა. ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.

ბულგარეთიდან ჩარტერული რეისი ავიაკომპანია "Myway Airlines” -მ შეასრულა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეისმა ასევე ჩამოიყვანა საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლები, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

ჩარტერული რეისით სამშობლოში დაბრუნდნენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებმაც ბულგარეთი - თურქეთის საზღვარზე საავტომობილო მიმოსვლის შეფერხების გამო, ვერ შეძლეს სამშობლოში დაბრუნება. ბულგარეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა, ამ ქვეყანაში ქართველთა დიასპორის ფინანსური მხარდაჭერით, მათ საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიაწოდეს და სამშობლოში დაბრუნების საკითხის მოგვარებაში დაეხმარნენ.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 და 14 აპრილს, ევროპიდან თბილისის მიმართულებით ორი დამატებითი ფრენა შესრულდება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 117 პაციენტია, 23 კი უკვე გამოჯანმრთელდა.