მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩატარდება თუ არა ე.წ. გრედუეიშენი და ბანკეტი პანდემიის დროს

ჩატარდება თუ არა გრედუეიშენები და ბანკეტები კორონავირუსის ფონზე? 2020 წ.

კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია, ე.წ გრედუეიშენი და ბანკეტი ეს ის ღონისძიებებია, რომლებსაც სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მოუთმენლად ელიან, თუმცა წლევანდელი წელი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, სავარაუდოდ, უჩვეულო, შეიძლება ითქვას, მოსაწყენიც აღმოჩნდება.

ჩატარდება თუ არა ზემოხსენებული ღონისძიებები წელს, ამის გასარკვევად PIA.GE-მ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ხათუნა ზახაშვილს მიმართა. სპეციალისტის თქმით, წელს ღონისძიებები ჩვეულ ფორმატში, კორონავირუსის გამო, ვერ ჩატარდება.

,,დღეს ბოლო ზარის დღე იყო მეთორმეტე კლასელებისთვის, ისინი დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდნენ, თუმცა ეს პანდემიის გამო ჩვეულ ვითარებაში ვერ ჩატარდა. წლევანდელი მეთორმეტე კლასელები გამონაკლისი იქნებიან და ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ, რომ სწორედ იმ წელს, როდესაც ისინი ამთავრებდნენ სკოლას, იყო პანდემია", - უთხრა PIA.GE-ს ხათუნა ხაზაშვილმა და ყველა მეთორმეტე კლასელს მიულოცა სკოლის დამთავრება და წარმატებები უსურვა მათ.

ოთხშაბათს, 20 მაისს გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა: "წელს არ გვინდა ბანკეტები. მომავალ წელს, როცა დამარცხდება კორონავირუსი, ორმაგად აღნიშნეთ".

pia.ge ასევე დაუკავშირდა საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორს ნათია კალაძეს იმის გასარკვევად, რა ფორმატში აპირებენ გრედუეიშენის ჩატარებას.

როგორც ნათია კალაძემ გვითხრა, კურსდამთავრებულებს აუცილებლად ექნებათ გრედუეიშენი, თუმცა ეს იქნება შემოდგომაზე.

"საქართველოს უნივერსიტეტში გრედუეიშენი აუცილებლად ჩატარდება. ამ ეტაპზე მიდის მსჯელობა, რომ ზაფხულის ნაცვლად, როგორც აქამდე ხდებოდა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გრედუეიშენის ცერემონია ჩატარდეს შემოდგომაზე. ამ ზეიმისთვის საქართველოს უნივერსიტეტი, ტრადიციულად, საფუძვლიანად ემზადება. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი დღე ყველა ჩვენი კურსდამთავრებულისთვის. საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წლის კურსდამთავრებულებისთვის ეს დღე ისეთივე დაუვიწყარი იყოს, როგორიც ეს მათი წინამორბედებისთვის იყო", – განაცხადა ნათია კალაძემ.

მსოფლიოში კოვიდპანდემიის გამოცხადების შემდეგ, მარტის ბოლოდან საქართველოში სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციური სწავლების რეჟიმზე უმოკლეს პერიოდში გადავიდნენ. ასეთი სწრაფი ადაპტირების შედეგად შესაძლებელი გახდა ქვეყანაში აკადემიური წლის გამოცხადების თავიდან აცილება და სასწავლო პროცესის უწყვეტობა.