მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი კითხვების ადრესატი მერაბ ლომინაძე არ არის“ - ვარლამ გოლეთიანი დიალოგის შეთავაზებაზე

რიონის ხეობის მცველი

რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კითხვები ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქვთ და არა მშენებელ კომპანიასთან.

„აქ არ უნდა მოვიდეს მერაბ ლომინაძე. ხდება წარმოჩენა, თითქოს ჩვენ მასთან გვაქვს კითხვები. მერაბ ლომინაძე არ არის პერსონა, რომელიც ჩვენი კითხვების ადრესატია. მას არ გააჩნია კომპეტენცია იმ ნაწილში, სადაც ჩვენ კითხვები გვაქვს. მას კომპეტენციურად არ ეხება ის საკითხები, რაზეც უნდა ვისაუბროთ.

შესაბამისად, მერაბს ვერ დაველაპარაკებით და მინდა ეთერითაც ვთხოვო მას, რომ ნუღარ იქნება ამით სპეკულირება“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დიალოგისთვის სივრცე ჩაკეტა, ხოლო სხვა პასუხისმგებელ პირებს შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებთან კომუნიკაცია ჰქონდეთ.

ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, დიალოგისთვის მშვიდი და კონსტრუქციული გარემო უზრუნველყოფილი იქნება.

„ჩვენთვის ბრძოლის ხაზი გადის სოფელ გუმათზე, სადაც ახლა ვდგავართ. ჩვენ დიალოგის წინააღმდეგი არ ვართ. როგორც მინისტრმა თქვა, დიალოგი არ უნდა იყოს დიალოგისთვის.

ამ შემთხვევაში ქალბატონ ნათიასთან დიალოგის სივრცე აღარ არსებობს, იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს თავისივე საქციელით, როდესაც შეხვედრიდან გაიპარა, მაგრამ თუ ხელისუფლებიდან მასზე ზემდგომი ან სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები ჩათვლიან საჭიროდ რომ ჩვენთან კომუნიკაცია უნდა იქონიონ, შეუძლიათ იქონიონ.

ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მოვიდნენ დაგვისვან კითხვები, კონსტრუქციულ გარემოს უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.

რიონის ხეობის მცველები ამ დროისთვის სოფელ გუმათში იმყოფებიან, რადგან პოლიცია მათ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე პროტესტისთვის დაბრუნების უფლებას არ აძლევს.