მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაიცავდა თუ არა ონის კასკადი რაჭას სტიქიისგან?

წყალდიდობა რაჭაში

უნდა აშენდეს თუ არა ონის კასკადი – სასწორის ერთ მხარეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაა, მეორე მხარეს კი „ამქვეყნიური სამოთხის“ – რაჭის ბუნება. მოსახლეობა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ზოგი ემხრობა კასკადის მშენებლობას, ზოგიც ბუნებას უფრთხილდება, მდინარე რიონის ადიდების შედეგად გამოწვეულ ზარალს საზღვრავს და ეწინააღმდეგება კასკადის მშენებლობას.

სტიქია რაჭაში

რაჭაში ძლიერი წვიმა და სეტყვა 28 ივლისს დაიწყო. სტიქიის შედეგად 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე რიონმა 10 ხიდი წაიღო, დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები და 2000 ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარესამყაროს.

საინტერესოა, რამდენად დაზარალდებოდა ონის მუნიციპალიტეტი კასკადის აშენების შემთხვევაში. ამ თემასთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო PIA.GE ონის კასკადის პროექტის მენეჯერს ზაზა ბაკურაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, ამ პროექტის არსებობის შემთხვევაში, ზარალი მინიმალური იქნებოდა.

„სათავე ნაგებობა და დამბა იმაზეა გათვლილი, რომ მოდიდებული წყალი შეაჩეროს“, - განაცხადა ბაკურაძემ.

ზაზა ბაკურაძემ იმ ძირითად ოთხ ფაქტორზე ისაუბრა, რითაც კასკადის აშენების შემთხვევაში ზარალი ნაკლები იქნებოდა:

1. ამ დამბას შემაკავებელი ფუქნცია ექნებოდა და წყლის გარკვეულ რაოდენობას, ხეებს, ნაშალსა და ლოდებს შეაკავებდა.

2. ჰესის ოპერირებისთვის განკუთვნილი წყალი შეამცირებდა წყლის რაოდენობას.

3. აუცილებლად იარსებებდა ნაპირსამაგრი სამუშაოები განსაკუთრებით გზის დასაცავად და სხვადსხვა ინფრასტრუქტურის დასაცავად.

4. ჩვენ უზრუნველვყოფდით, ტექნიკის მობილიზებას, რომელიც დაუყოვნებლივ ჩაერთვებოდა სამაშველო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

ამ ოთხი ფაქტორის შემთხვევაში, დარწმუნებით გეუბნებით, რომ ონის კასკადის არსებობა ზიანს სერიოზულად შეამცირებდა“,- განაცხადა ზაზა ბაკურაძემ.

რას შეეხება იმ ადამიანებს, ვინც რთული ლანდშაფტიდან გამომდინარე ეწინააღმდეგება კასკადის მშენებლობას, მიიჩნევენ რომ ეს კატასტროფა ბუნების მესიჯია საზოგადოების გონზე მოსაყვანად.

„ეს წესით მესიჯი უნდა იყოს მათთვის ვინც, არ ეწინააღმდეგებოდა ონის კასკადის მშენებლობას. ესაა ხეობა, სადაც პროგნოზირებადი არაფერი არაა, სადაც ბუნებაში მსგავსი მასშტაბური ჩარევა, შესაძლოა, სასიკვდილო აღმოჩნდეს“,- განაცხადა მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თათა მეტრეველმა.

ცნობისთვის, ონის კასკადის მშენებლობის შესახებ საჯარო განხილვა ორი წლის წინ დაიწყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან დიდი უთანხმოება მოჰყვა.