მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: აშშ-ის ანგარიში მეტ შესაძლებლობებს გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად, უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება საქართველოში დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას.

მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ეკონომიკის გაჯანსაღების, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით გატარებულ რეფორმებს.

„მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უაღრესად პოზიტიურად აღიქვამს იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით. ასევე, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლების და აშშ-ის სურვილს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ისეთივე მაღალ ნიშნულზე ავიდეს, როგორიც ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშია.

„ანგარიში, რომელიც გამოიცა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე ბერკეტი იქნება ამ მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში კიდევ უფრო ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საინვესტიციო კლიმატის შესახებ, მოიცავს 170 ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, რომელიც მომზადებულია შეერთებული შტატების ადგილობრივი საელჩოების ეკონომიკური ოფიცრების მიერ.