მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკანიანი: გაეროს რეზოლუცია ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი წარმატებაა

საგარეო საქემთა მინისტრი 2020

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ გამოეხმაურა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს და ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას. 

მინისტრის განცხადებით საქართველო, მეოთხე წელია, აქტიურად იყენებს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატს იმისათვის, რომ ქვეყნისთვის, ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნეს მიღებული. დავით ზალკალიანის განმარტებით, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს ყოველწლიურად აქვს რეზოლუციის მხარდამჭერთა უაღრესად პოზიტიური, მზარდი დინამიკა მიანიშნებს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე, ასევე იმაზე, რომ საქართველოს საკითხი წარმოდგენილია აქტიურ დღის წესრიგში.

„რეზოლუცია მიღებულ იქნა ძალიან მაღალი მხარდაჭერით, როგორც სპონსორების, ასევე მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობის შემცირებით, ვფიქრობ, ეს არის ჩვენი, კიდევ ერთი წარმატება და გამარჯვება. მინდა მივულოცო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ჩვენი მისია ქ. ჟენევაში და დიპლომატიური კორპუსი, იმისათვის, რომ რეზოლუცია იქნეს მიღებული, ამას სჭირდება მუდმივი საქმიანობა ყველა მიმართულებით, მხარდამჭერი ქვეყნების მობილიზაციის თვალსაზრისით. რეზოლუციის წარმატებით კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკითხი არის აქტუალური და საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად აქცევს ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციას“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის გამო, მათ შორის ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო და ხაზს უსვამს, რომ ორივე რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევის აუცილებლობაზე.

ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო, 44-ე და 45-ე სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.

წელს რეზოლუციის თანაავტორი საქართველოსთან ერთად გახდა 45 ქვეყანა მსოფლიოს ყველა რეგიონიდან. რეზოლუციის განხილვის დროს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა ქვეყნებმა. საქართველოს შესახებ რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე 2017 წლიდან მიიღება.