მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება

ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაგეგმილი სამედიცინო კვლევების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„EMC-მ, როგორც მამალაძის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ მაისი-სექტემბრის პერიოდში არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულებას დაწესებულებას და ითხოვა გიორგი მამალაძისთვის, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო კვლევების ჩატარებას და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვას. თუმცა დაწესებულება მხოლოდ სექტემბერში დაეთანხმა ჩვენს მოთხოვნას. შესაბამისად, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული გამოკვლევა სამოქალაქო პროფილის კლინიკაში 15 ოქტომბერს იგეგმება და განისაზღვრება დეკანოზის მკურნალობის ტაქტიკაც“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მარჯვენა მხარეს კიდურები პარალიზებული აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.

„ამ ეტაპისთვის, სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, პარალიზებულ კიდურებზე აღენიშნება ატროფიის ნიშნები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ჩივილები. აგრეთვე, სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის მკურნალობის კონკრეტული გეგმა შემუშავებული კვლავ არ არის და თერაპევტის საქმიანობა პაციენტის ზოგად ჩივილებზე ინფორმაციის მიღებით შემოიფარგლება. ამგვარი მდგომარეობის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ დრომდე არ უზრუნველყოფდა მამალაძისთვის საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარებას და ადეკვატური სამკურნალო გეგმის შედგენას“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძეს ე.წ. ციანიდის საქმეზეა დაკავებული. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.