მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: მამა კირიონი გარეჯის საქმის უშუალო მოწმეა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

„ეკლესიის მიზანი ერთია, დავით გარეჯი იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, სხვა მიზანი ეკლესიას არ ამოძრავებს.
საპატრიარქო კომისიის მოქმედების გეგმას რადგან გაეცნო, არ ნიშნავს, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაება და ხელისუფლებას ერთგვარ პიარს უკეთებს“, - ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯის მღვდელ-მონზაონი კირიონი დავით გარეჯის საქმეს, სხვა სასულიერო პირებთან შედარებით, ყველაზე უკეთ იცნობს, რადგან ფაქტობრივად, ყველაფრის თვითმხილველია.

„დღეს არქიმანდრიტ კირიონზე ძალიან დიდი დარტყმა მიმდინარეობს, ყველა აკრიტიკებს მის სიტყვებს. მე, როგორც მოქალაქესა და მოძღვარს, არ მაქვს უფლება, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, შევაფასო და ვთქვა, რომ ესა თუ ის ადამიანი დამნაშავეა, მაგრამ მამა კირიონი არის ამ საქმის უშუალო მოწმე, ის არის განსხვავებული ადამიანი ამ პროცესებში, ის არის თვითმხილველი იმისა, რაც ხდებოდა. ამიტომ, როგორც მოწმე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება უდანაშაულობის პრეზუმციის დამრღვევი“, - აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

⭕ ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.

⭕ პატიმრობის ღონისძიების გამოყენებას ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.