მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით საგრანტო პროგრამა დაიწყო

დევნილტა საგრანტო პროგრამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,  განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს მიიღებენ.

„საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეუძლიათ. სააგენტო შესაბამის ტექნიკას, დანადგარებსა და ხელსაწყოებს, ჯამში, 200 იძულებით გადაადგილებულ პირს შეუსყიდის. დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საგრანტო განაცხადების მიღება 6  ივლისიდან დაიწყო და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

საგრანტო განაცხადები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა, გორი, სამების ქუჩა N1, რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა, ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27, ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე -  [email protected]. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://gov.ge/s/75c56