მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს ვაცხადებ და შაბათს აღვასრულებ“ - მეუფე სტეფანე რამდენიმე სასულიერო პირის განკვეთას გეგმავს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირის განკვეთას გეგმავს.

მისი თქმით, ამბოხებულ სასულიერო პირებს თავიანთი ქმედებების მონანიება შაბათამდე შეუძლიათ.

„დღეს ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ. თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს, წინააღმდეგობას და უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული, მე გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი. აღარ ექნება უფლება, რომ იყოს მღვდელმსახური, დაიყვანება მონაზვნამდე, თუ არ მოინანიებს შაბათ დღემდე.

შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული და შესაძლოა ამ შემთხვევაში მისი განკვეთა აღარ განხორციელდეს.

ასევე დიაკონ ანანიასა და დიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინი არ მოინანიებენ“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავას მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მეუფე სტეფანე სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარში არ შეუშვეს.

23 აპრილს კი ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.

შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა ამჯერად პეტრე ცაავას მხარდამჭერებსა და მეუფე სტეფანეს მიერ ტაძარში მივლენილ სასულიერო პირებს შორის მოხდა.