მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკა ბერიძე: კოვიდთან ბრძოლის საქართველოს ფორმულა - იმარჯვებს ის, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა

ეკა ბერიძის სტატუსი

რატომ არ გავრცელდა მასობრივად კოვიდი საქართველოში? - მოხდა სინერგია ხელისუფლების, ჯანდაცვის მენეჯერების, მედიკოსებისა და საქართველოს შეგნებული მოქალაქეების, - ჟურნალისტი ეკა ბერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც არგუმენტირებულად საუბრობს „კოვიდთან“ ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე.

ეკა ბერიძის ფეისბუკპოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„კოვიდთან ბრძოლის საქართველოს ფორმულა - იმარჯვებს ის, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა.

როდესაც დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთი საერთაშორისო სააგენტოს ალერთი მომივიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის პროვინცია უჰანში ექიმები ახალი ვირუსის აღმოჩენის შესახებ იუწყებოდნენ, ვერც კი დავუშვი, რომ ეს ვირუსი საქართველომდე ჩამოაღწევდა. როცა ჩინეთმა სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო, სულ მიკვირდა, ამდენი ხნით სად იკარგებოდნენ დაავადებული ადამიანები, მათი რიცხვი არ მცირდებოდა, თუმცა უხვად ემატებოდნენ ახალი ინფიცირებულები და გარდაცვლილები. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ნელი ტემპით მატულობდა.

როცა „კოვიდ 19“-მა გავრცელება სხვა ქვეყნებშიც დაიწყო და გასაგები გახდა, რომ ის აუცილებლად ჩამოაღწევდა ჩვენთან, გულწრფელად მეგონა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსს ვერ გადაიტანდა, რადგან თვალსაჩინო იყო, როგორ ჩამოიშალა ჰიპერგანვითარებული სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემები. ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მეგონა. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისმა გონიერებამ, ცოდნამ, გამოცდილებამ, თავდადებამ ჩვენი ქვეყანა აქცია ერთ-ერთ გამონაკლისად, რომელმაც ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტიანად და უმცირესი მსხვერპლით აჯობა ვირუსს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. თუმცა ეს ადამიანები არ მიიჩნევენ, რომ გაიმარჯვეს, განსხვავებით, მაგალითად, ახალი ზელანდიისგან, სადაც ოფიციალურად გამოაცხადეს გამარჯვება, თუმცა სწორედ იმ დღეს დაემატათ 4 ინფიცირებული. დღეს მათი სტატისტიკა ასეთია - მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონ 900-მდე, ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 1504, 22 გარდაცვლილი, 1481 გამოჯანმრთელებული.

საქართველოს კოვიდ სურათი ამჟამად ასე გამოიყურება - მოსახლეობა 3 მილიონ 989, ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 801, გარდაცვლილი 13, გამოჯანმრთელებული650, დღეს დაგვემატა 4 ინფიცირებული, გუშინ მხოლოდ 1. სამწუხაროდ უფრო მეტი, საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ.

ახალი ზელანდიის პრემიერი ამ ვითარებაში გამარჯვებას ზეიმობს, ჩვენი პრემიერი ამბობს, რომ პანდემია საქართველოში, ისევე, როგორც გლობალურად, არ არის დამარცხებული.

რადგან ყველაფერი შედარებითია, მოდით, შევადაროთ ვითარება საქართველოში ვითარებას ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში - რუსეთი 441 108 ინფიცირებული, 5 384 გარდაცვლილი, თურქეთი 167 410 ინფიცირებული, 4 630 გარდაცვლილი; 9 მილიონ 981 მოსახლიანი აზერბაიჯანი - 6 522 ინფიცირებული, 78 გარდაცვლილი, გუშინ აზერბაიჯანში კიდევ მეტად გამკაცრდა საკარანტინე რეჟიმი, 2 მილიონ 965 მოსახლიანი სომხეთი - 11 221 ინფიცირებული, 176 გარდაცვლილი.

იმ წუთიდან, როცა ქვეყანაში პირველი კოვიდ შემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ყოველდღიურ რეჟიმში ანგარიშს გვაბარებდნენ - საქართველოს პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები, კოვიდთან ბრძოლაში ჩართული კლინიკების ექიმები. 26 თებერვლიდან დღემდე, 5 ივნისამდე, ჩვენ ზუსტად ვიცით, სად დაავადდნენ კოვიდ ინფიცირებულები, რამდენი ადამიანია თითოეულ კლასტერში, რომელ კლინიკაში როგორ გრძნობენ თავს დაავადებულები, ზუსტად ვიცით ყველა დეტალი. არცერთ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენზე მცირე ქვეყნებში, ასეთი ინფორმაცია მოქალაქეებს არ გააჩნიათ. გადამოწმებული მაქვს, მაგალითად, 625 ათას 978 მოსახლიანი ლუქსემბურგის მაგალითზე, სადაც 4 024 ინფიცირებული და 110 დაღუპულია. ლუქსემბურგი, ცნობისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე.

პანდემიამ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ბევრ ქვეყანაში ისევ პიკია, სააშკარაოზე გამოიტანა ყალბი და რეალური პრიორიტეტები. ასევე, აღმოჩნდა, რომ ასეთი ტიპის კრიზისში, მთავარი არ არის, იყო მეგასახელმწიფო, მთავარი არ არის, იყო ყველაზე მდიდარი, მთავარი არ არის, იყო ბირთვული ქვეყანა, მთავარი არ არის, კარნახობდე შენს წესებს მსოფლიოს - მთავარია იყო ჰუმანური, იყო გონიერი, მთავარია გააცნობიერო კრიზისი, არ მოიტყუო თავი და არ მოატყუო ხალხი, რისი მცდელობაც არაერთი ქვეყნის მთავრობას ჰქონდა. მთავარია, სასწორზე არ დადო ადამიანის სიცოცხლე, თუნდაც ამ ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ეკონომიკის საპირწონედ, მით უმეტეს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება „კოვიდ 19“-ით გამოწვეული კრიზისის გამო, მაინც გარდაუვალია. დღეისთვის აღიარებულია, რომ არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის იდეამ, არც ბრიტანეთში, რომლის პრემიერმაც ამ იდეის შედეგი საკუთარ თავზე გამოსცადა და არც კარგად ორგანიზებულ შვედეთში, სადაც მინიმალური შეზღუდვების ფონზე იმუნიტეტი მოსახლეობის მინიმუმმა გამოიმუშავა, როცა მხოლოდ დღეს იქ 20 ადამიანი დაიღუპა, ჯამში კი - 4562. გუშინ, 4 ივნისს შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა, აღიარა, რომ მათი სტრატეგია შეცდომა იყო და მოვლენების უკან დაბრუნების შემთხვევაში სხვა გზას აირჩევდა.

რამ გადაგვარჩინა? რატომ არ გავრცელდა მასობრივად კოვიდი საქართველოში? რატომ არ დაგვეღუპა არცერთი ადამიანი, რომელიც არ მიეკუთვნებოდა რისკ ჯგუფს? რატომ არ გავრცელდა „კოვიდ 19“ პენიტენციურ დაწესებულებებსა და მოხუცებულთა სახლებში? რატომ გადარჩა ბევრი ისეთი ინფიცირებული, რომელსაც ასაკთან ერთად არაერთი ქრონიკული დაავადება აწუხებდა?

მოხდა სინერგია ხელისუფლების, ჯანდაცვის მენეჯერების, მედიკოსებისა და საქართველოს შეგნებული მოქალაქეების. პირადად პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობამ ოპტიმალური ოპერატიულობით მიიღეს აუცილებელი ზომები - დაწყებული ფრენების შეზღუდვით, დასრულებული კარანტინის ყველა აუცილებელი ეტაპით. ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, ხათუნა ზახაშვილი, ფასდაუდებელი პროფესიონალიზმით იკვლევდნენ და იკვლევენ თითოეულ შემთხვევას, თავისი კლასტერებით და კონტაქტებით და ანგარიშს გვაბარებენ სრული პასუხისმგებლობით, ყოველდღიურ რეჟიმში, დაუმსახურებელი საყვედურების და მასობრივ ტესტირებაზე არაადეკვატური შენიშვნების ფონზე. მოხდა სინერგია ისეთ მედიკოსებთან, როგორებიც არიან თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, ლევან რატიანი, მარინა ენდელაძე და ყველა მათ გვერდით მდგომი ექიმი, მედდა და სანიტარი, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად და იბრძვიან დიდი წარმატებით, მიუხედავად ასევე დაუმსახურებელი საყვედურებისა მათი მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით, თან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც სხვა ადამიანების სიცოცხლეზე მეტად, დრამატული განცდა აქვთ დღემდე, როგორ დაუშალეს, მაგალითად, მანქანაში ოჯახის წევრების გვერდით დაჯდომა. ეს იყო მათთვის ტრაგედია, როცა სხვა ქვეყნებში ასები და ზოგან ათასები იღუპებოდნენ და იღუპებიან დღემდე ყოველდღიურად.

თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი მოქალაქეების რიცხვი არ არის კრიტიკული, მეტნი ვართ ისეთები, ვინც კარგად გააცნობიერა არსებული საფრთხე და სრული შეგნებით აღიქვა კრიზისი. ასეთებს კარგად ესმით, რომ თითოეული ღონისძიება სწორედ მათი სიცოცხლის გადასარჩენად იყო გატარებული და შედეგიც სახეზეა. ცალკე უნდა აღვნიშნოთ ლუგარის ლაბორატორიის როლი, რომლის თანამშრომლები თებერვლიდან დღემდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და სწორედ მათმა თავდადებამ მისცა მედიცინის პროფესიონალებს კრიზისის ასე ეფექტიანად მართვის საშუალება.

კოვიდით დაავადებული ადამიანის გამოჯანმრთელებას ესაჭიროება ხანგრძლივი დრო, რაც დაავადებულთა სწრაფი მატების შემთხვევაში კრიტიკულად ტვირთავს სამედიცინო სისტემას, სწორედ ამ პრობლემას გადაგვარჩინა პროფესიონალურმა მენეჯმენტმა ყველა რგოლში და ამ რგოლების სწორმა ურთიერთქმედებამ.

არსებული რეალობა გვაჩვენებს, რომ „კოვიდ 19“-თან აგებს შეუპოვრობა, თავის მოტყუება, არაკვალიფიციური მიდგომა. ამ დაავადებას სწორად მხოლოდ მისი არსებობის აღიარებით, გონიერებითა და კვალიფიციური მიდგომით შეიძლება აჯობო. იმარჯვებს ის, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა.

პანდემიის გამო დავკარგეთ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე, გაგვიუარესდა ეკონომიკური მაჩვენებლები, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს, თუმცა სხვებზე სწრაფად

ვუბრუნდებით ცხოვრების მეტ-ნაკლებად ნორმალურ რეჟიმს.

მსოფლიო რესტარტის რეჟიმშია, პანდემიამ სხვა შეუქცევადი პროცესები გამოიწვია. სასტარტო პირობები მკვეთრად შეცვლილია. თუ ქვეყნის მართვა იმ უნარებით გაგრძელდება, როგორც ეს კრიზისის რეჟიმში ხდებოდა, საქართველოს ახლა ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, გახდეს შემდგარი ქვეყანა რეალიზებული ადამიანებით“, - წერს ეკა ბერიძე.