მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები აქციის მონაწილეებს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ყველა სადავო საკითხი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. სამინისტროები აქციის მონაწილეებს დიალოგზე თანხმობისა და აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამინისტროებს აქვთ მუდმივი კომუნიკაცია ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამავე ინფორმაციის თანახმად, ჰესთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევა პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება.

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია.

მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

აქციის ორგანიზატორების ბრალდების პასუხად ვიტყვით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიალოგის პროცესი და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით.

ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აგრეთვე იხილეთ:

📌საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

📌ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს