მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელენე ნიჟარაძე: ISFED-ის საქმიანობაში ჩარევას გამოვრიცხავ

ISFED-ის ყოფილი დირექტორი

ISFED-ის ყოფილი დირექტორის ელენე ნიჟარაძის განცხადებით, ორგანიზაციის საქმიანობაში ოპოზიციის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს და შეცდომა, რომელიც შედეგების დათვლისას დაფიქსირდა ადამიანური იყო. 

„არანაირი ოპოზიციის ჩარევა არ ყოფილა. მესმის, რომ მმართველ პარტიას ძალიან აწყობს ასეთი სპეკულაცია, რომელსაც ორგანიზაციის დისკრედიტაციის მიზანი აქვს და რასაც წლებია აკეთებენ. გამოვრიცხავ ჩვენს საქმიანობაში ჩარევას.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაიგო „ქართულმა ოცნებამ“ ამის შესახებ, მე ვერაფერს გამოვრიცხავ, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ფარული მიყურადება ჩვეულებრივი ამბავია“, - აღნიშნა ელენე ნიჟარაძემ.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს.

„გამოძიების დაწყების საკითხი კი სასაცილოდ მიმაჩნია. ჩემთვის წარმოუდგენელი და გაუგონარია, რომელი მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება. ისინი ასეთი სპეკულაციით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რადგან აღნიშნული შეცდომა ვერანაირ კრიზისსა და რევოლუციას ვერ გამოიწვევდა“, - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ორგანიზაციის რეპუტაციის დასაცავად დატოვა.

„ჩავთვალე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის რეპუტაციაა და ჩემთვის თანამდებობის დატოვება პრობლემაა არაა, თუ ეს ორგანიზაციის იმიჯს დაიცავს. როდესაც ბორდმა გადაწყვიტა, რომ მე ჩემი პასუხისმგებლობა უნდა ამეღო, დავაფიქსირე რომ ჩემი მხრიდან ეს არ იქნებოდა პრობლემა“, - აღნიშნა ელენე ნიჟარაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაუჯერებელია, რომ ISFED-ის შედეგებში ადამიანურ შეცდომას ჰქონდა ადგილი.

👉 აღნიშნულმა ორგანიზაციამ საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის შესახებ ორი განცხადება გამოაქვეყნა. პირველად განცხადებაში, ორგანიზაციის მტკიცებით, ფიქსირდებოდა ცესკოს მონაცემებთან მნიშვნელოვანი სხვაობა, ხოლო მეორე განცხადებით, ორგანიზაციამ აღიარა, რომ დათვლის პროცესში შეცდომა მოხდა, რამაც შედეგებში სხვაობა გამოიწვია.

👉 24 დეკემბერს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ISFED: აღმასრულებელი დირექტორის მიმართ მუქარას, შანტაჟს ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

👉 კობახიძე: რთული დასაჯერებელია, რომ PVT-ის ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა

👉 მდინარაძე ISFED-ზე: თურმე პარალელური დათვლის მონაცემები გაყალბებულა და არა არჩევნები