მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული სასახლის ინიციატივით, არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII ფორუმი გაიმართა

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის  ფორუმს დაესწრო

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივით, არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII ფორუმი გაიმართა, რომელშიც  მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული,  სპორტული,  არაფორმალური განათლების ორგანიზაციები. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

 

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდა დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და დარგის ექსპერტები.

მერიის ინფორმაციით, ფორუმის მოდერატორი ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე იყო, რომელმაც სასახლეში მიმდინარე ცვლილებებზე, ახალ სერვისებზე, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

ფორუმის მსვლელობისას დარგობრივი პრეზენტაციები გამართეს ეროვნული სასახლის საგნობრივი მიმართულების ხელმძღვანელმა - ლია შენგელიამ და პროექტების სამსახურის უფროსმა - ლევან დვალმა. ყურადღება გამახვილდა მომავალი თაობის აღზრდაში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე.

არაფორმალური განათლების ექსპერტმა, ქეთევან გრიგოლიამ, ისაუბრა სფეროს როლზე, არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე და ახალგაზრდების მოზიდვის მნიშვნელობაზე. მან განიხილა არაფორმალური განათლების თანამედროვე სტანდარტების თავისებურებები და საერთაშორისო პროგრამების დანერგვის მეთოდები.

ინფორმაციისთვის, ფორუმის დასასრულს, მონაწილეებმა განიხილეს რეგიონებში არაფორმალური განათლების სფეროში შექმნილი პრობლემები. გაიმართა დისკუსია პანდემიით გამოწვეული საკითხების გადაჭრის გზებზე და სხვა აქტუალურ თემებზე. ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.