მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვარი დღეიდან გაიხსნება

თვითმფრინავი

საქართველო დღეიდან ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ PIA.GE-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს.

„როგორც მოგეხსენებათ, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში და რეკომენდაცია გასცა მისთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთავრობამ ორმხრივი მოლაპარაკებები აწარმოა საზღვრების გახსნის თაობაზე ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მსოფლიოს და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და არსებული ციფრების გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნების და მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც, რიგ შემთხვევებში კი არსებობს გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები, რაც ითვალისწინებს 14 დღიან კარანტინს, საკუთარი სახსრებით დაფარულს. საქართველო აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით ვდგამთ თითოეულ ნაბიჯს და ვაანალიზებთ ჩვენს ყველა მოქმედებას. დღისათვის, იმ ქვეყნებიდან ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლიეტუვა და ესტონეთი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.