მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გადავწყვიტეთ დაგვეწყო საჯარო დაუმორჩილებლობა - „რეფორმერ ფიტნესი“ საქმიანობას არ წყვეტს

ფიტნეს კლუბი მუშაობას არ წყვეტს

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ბათუმში არსებული ფიტნეს კლუბი „რეფორმერ ფიტნესი“ მუშაობას არ წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ ვებგვერდზე ვრცელდება.

„რეფორმერ ფიტნესის გუნდი წარმოადგენს თავისუფალი, პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობას, გუნდს რომელსაც სჯერა, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე კაცობრიობისთვის.

ჩვენ შეგვეძლო გვეპოვა ხვრელი კანონმდებლობაში და გვერდის ავლით გაგვეგრძელებინა საქმიანობა, რისი უნარიც ნამდვილად გვაქვს, მაგრამ რადგანაც ეს უსამართლობა მხოლოდ ჩვენ არ გვეხება და შედეგად ყველა უფრო და უფრო ვღარიბდებით, ჩავთვალეთ, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. რაც უფრო მეტად ვღარიბდებით მით უფრო მცირე რესურსი გვრჩება ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობასა და განათლებაზე ზრუნვისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ღია, საჯარო დაუმორჩილებლობა და არ შეგვეწყვიტა საქმიანობა“, - წერია ოფიციალურ ვებგვერდზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათთვის მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად.

„მიუღებელია ის არგუმენტი, რომ ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად ვირუსთან საბრძოლველად (თითქოს ეს ან მოქალაქეების ან მეწარმეების ბრალია) და ამიტომ ჩვენი მოსახლეობა უნდა გავწიროთ სიღარიბისთვის, რაც ავტომატურად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ დაკარგულ სიცოცხლეს.

ჩვენ, როგორც ბიზნესს კარგად გვაქვს გააზრებული ის ფინანსური და სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს ამ წინააღმდეგობას, თუმცა ამის მიუხედავად არ ვაპირებთ გაჩერებას.

შრომა არასდროს ყოფილა არც სირცხვილი და არც კრიმინალი“, - აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ფიტნეს კლუბი არ ითხოვს გადასახადების გადამხდელთა ფულით ბიზნესის სუბსიდირებას.

„ჩვენ არ ვითხოვთ გადასახადების გადამხდელთა ფულით ჩვენი ბიზნესის სუბსიდირებას, არც საბანკო სესხების პროცენტების თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტისა და მომსახურების ფასების ხელოვნურ მართვას მთავრობის მიერ, არც სასესხო ვალდებულებების გაუქმებას, ჩვენ არ გვსურს სხვის ხარჯზე ცხოვრება.

ჩვენი დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია იმისკენ, რომ როგორც ჩვენი სფეროს კომპანიებს, ასევე ეკონომიკის სხვა ნებისმიერი დარგის წარმომადგენელს, უკლებლივ ყველას დაუყოვნებლივ მიეცეს თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება და საშუალება, გაიხსნას ქვეყნის საზღვრები და დაიწყოს თავისუფალი ეკონომიკური პროცესი და რაც ყველაზე მთავარია, კერძო საკუთრების და პიროვნების უფლება იყოს გარანტირებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

📌 ცნობისთვის, კლუბმა გუშინ, 29 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუშაობას არ წყვეტენ.

📌 „დილა მშვიდობისა საქართველო, სამწუხაროდ დღეიდან მინიმუმ ორი თვე ერთადერთი ფიტნეს კლუბი ვართ საქართველოში სადაც შეგიძლიათ ივარჯიშოთ“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.