მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსები დასრულდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 8 სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა. სასტიპენდიო კონკურსები ყოველწლიურად ცხადდება, ამ ეტაპზე უკვე ცნობილია სამ ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებული კონკურსანტების ვინაობა: საქართველოს 70 მოქალაქე უნგრეთის, საფრანგეთისა და იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას შემდეგი სასწავლო წლიდან გააგრძელებს. დანარჩენ პროგრამებში მიღებული აპლიკაციების განხილვა ამჟამად მიმდინარეობს.

2020-2021 სასწავლო წლისთვის გამოცხადებულ კონკურსებში რეგისტრაცია 1464 მოქალაქემ გაიარა, მათგან საუკეთესოები აკადემიურ ხარისხს სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ ან კვალიფიკაციას აიმაღლებენ სათანადო პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებში. უახლოეს მომავალში გამოცხადდება „ფულბრაიტის“ სასტიპენდიო პროგრამა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განათლების საერთაშორისო ცენტრთან ერთად ახორციელებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა. ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ერთი ნაწილი სრულადაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, თუმცა მნიშვნელოვანია პარტნიორების თანამონაწილეობაც. 2015 წლიდან ხორციელდება საპარტნიორო პროგრამებიც, ამჟამად ცენტრს ხუთი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს და ერთობლივი პროგრამები ხორციელდება საქართველოში აშშ-ის, უნგრეთის, იტალიის, საფრანგეთის საელჩოებისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, ცენტრი, ასევე, თანამშრომლობს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან. იზრდება პროგრამების რაოდენობაც, ამჟამად ცენტრი 12 სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მიიღონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში; პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე, ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.

ცენტრის საკონკურსო პროცედურები არის სრულად გამჭვირვალე, შეფასება ელექტრონული სისტემების მეშვეობით ხდება, თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ, მიღებული ქულების შესახებ ინფორმაცია კი სისტემაშივეა ხელმისაწვდომი აპლიკანტებისთვის. კომისიის წევრები არიან სახელმწიფო თუ კერძო სექტორის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, ცენტრის ყოფილი სტიპენდიატები და კურსდამთავრებულები.

განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სასწავლებლად ყოველწლიურად 150-დან 200-მდე საქართველოს მოქალაქეს აფინანსებს. ცენტრის სტიპენდიატებისთვის მთავარი ვალდებულება სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში 3 წლამდე ვადით დაბრუნება და შესაბამის სფეროში დასაქმებაა.

2014-2019 წლებში განათლების საერთაშორისო ცენტრმა 800-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათმა ნაწილმა, 300-ზე მეტმა სტიპენდიატმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას სამშობლოში განაგრძობს. მიმდინარე წელს დაფინანსებული და ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ცენტრის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგები, სოციალური მეცნიერებები, ასევე, განათლება, მენეჯმენტი და იურიდიული მიმართულებები. ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროფესიათა შორისაა ისეთი იშვიათი დარგები, როგორიცაა: გლასიოლოგია, მეტეოროლოგია, სარესტავრაციო და საკონსერვაციო საქმე და სხვა;

საქართველოს მოქალაქეები ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების მეშვეობით სწავლობდნენ/სწავლობენ 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში;

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინათ დაფუძნდა ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციაც, რომელიც აქტიურად მუშაობს სტიპენდიატების დასაქმებისა და შემდგომი პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე, ახორციელებს საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.