მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განხეთქილებაზე საუბარი ისმის და ეჭვს იწვევს, ვინმეს გენერალურ გეგმას ხომ არ წარმოადგენს ეკლესიაში მსგავსი პროცესის დაწყება“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავართა კრებაზე აქტუალურ საკითხთა შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შესახებაც იმსჯელებენ. 

დეკანოზის თქმით, უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც ეპისკოპოსის მიერ გაგზავნილი სასულიერო პირი მსახურებისთვის არ შეუშვეს ეკლესიაში.

დეკანოზ ჯაღმაიძის თქმით, ეს არის ძალიან უხეში დარღვევა და ამას ვერ იმართლებს ის, რომ ისინი არ ეთანხმებიან მღვდელმთავრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ჯაღმაიძის თქმით, აღნიშნულს თავისი პროცედურა აქვს და სააპელაციო გარჩევას ითვალისწინებს.

„დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან. ეს არ არის უჩვეულო შეკრება და პირველი პრეცედენტი. პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა ეს შეხვედრა უფრო გაფართოებული იქნება. შეხვედრაზე დრო დაეთმობა მიმდინარე მოვლენების განსჯას, მღვდელმთავრები იმსჯელებენ მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

ვიცით, რომ მამა გრიგოლი, რომელიც მეუფე სტეფანემ მსახურებისათვის მიავლინა ერთ-ერთ ტაძარში, არ შეუშვეს ტაძარში. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმთავარმა შეუწყვიტა მღვდელმსახურება, მათ მაინც იმსახურეს. ეს არის უხეში დარღვევა და ელემენტარული ცოდნა სჭირდება იმას, რომ თუკი მათ აპელაციაზე საჩივარი შემოაქვთ, მანამ სანამ აპელაციის შედეგი არ დადგება უნდა დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას.

ეს კიდევ ერთი დარღვევაა, როდესაც მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას უგულებელყოფს სასულიერო პირი. დღეს შედეგებსა და გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ, დღეს იქნება განხილვისა და მსჯელობის გარემო, ეპისკოპოსები იმსჯელებენ, შეაფასებენ, გადაწყვეტილებები დღეს მიღებული არ იქნება. კრიტიკოსების მხრიდან ისმის მინიშნებები საეკლესიო განხეთქილებაზე, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა ეკლესიაში, სადაც კი მომხდარა ასეთი რამე და ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი და იგივე ხალხი თავდაპირველად საუბრობდნენ განხეთქილების საშიშროებაზე, უკრაინის ავტოკეფალიასთან საქართველოს პოზიციაზე დამოკიდებულებით. ამბობდნენ, რომ „ გააჩნია რა პოზიციას დაიკავებს სინოდი“.

ახლა სხვა თემა არსებობს და კვლავ ისმის განხეთქილების შესახებ საუბარი და ეჭვს იწვევს ვინმეს გენერალურ გეგმას ხომ არ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიაში მსგავსი პროცესის დაწყება და ხომ არ ხდება ისე, რომ ეძებენ საშუალებას, თემასა და მიზეზს, რომ როგორღაც ეს პროცესი დაიძრას“,, - აცხადებს დეკანოზი.

ჟურნალისტის კითხვაზე ვის გულისხმობს და ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვერავის დაასახელებს.

ახალმა მიტროპოლიტმა 4 სასულიერო პირს ჩამოართვა მღვდელმოქმედების უფლება, მამა ათინოგენეს კი - არქიმანდრიტის ხარისხი. მისივე ბრძანებით, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხეს მოინაზონი სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე.

თეოლოგთა შეფასებით, ბოლო დროს ეკლესიაში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ სამართალს.

ამავე თემაზე:

✔️ მამა ანდრია სარია: რა ვერდიქტს გამოიტანენ ჩემ მიმართ, ეს ჭყონდიდის ეპარქიაში რეალობას ვერ შეცვლის

✔️ მეუფე გრიგოლი: არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს