მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„განვიხილავთ ბინაზე მკურნალობის საშუალებებს“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი

„ერთი კვირის მანძილზე ჯანდაცვის სამინისტროდან ბათუმში და აჭარის რეგიონში გამოგზავნილები არიან რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ვინაიდან ისინი კიდევ უფრო დეტალურად ეცნობიან ბათუმში ჰოსპიტალური სექტორის და ჯანდაცვის მზაობას იმისათვის, თუ რა მეთოდების გამოყენება იქნებოდა საჭირო აჭარაში, რომ კოვიდინფექციის შესაბამისი გამკლავება ყოფილიყო“,- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 16 სექტემბერს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ ამ ეტაპზე ჩატარებული აქვთ დეტალური სამუშაოები და აჭარაში დღესდღეობით მობილიზებულია 400-მდე საწოლი, 48 საათის განმავლობაში კი კიდევ დაემატება 170.

„ასევე განვიხილავთ ჯანდაცვის მეტ ჩართულობას აჭარაში და ბინაზე მკურნალობის საშუალებებს“,- აღნიშნა მან.

ტიკარაძეს თქმით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია დარჩება აჭარის რეგიონში და მისი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობა და მომზადება იმისთვის, რომ მათ მართონ სახლის პირობებში ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ თვითიზოლაციის საშუალება.

მისი თქმით, აჭარაში ინფიცირების ინციდენტობა აღემატება 14-ს, რაც მნიშვნელოვნად საყურადღებოა.

„აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაშიც ჩატარდება ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც იყო აფეთქების კერები“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსისი მორიგი რეგორდული, 196 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.