მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაუგებარია, საიდან უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ქალბატონს ამდენი ბოღმა საკუთარი სამშობლოს მიმართ“ - თენგიზ ცერცვაძე ნანა გეგეჭკორზე

მთავარი ინფექციონისტი

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველ ექიმ ნანა გეგეჭკორს მიმართავს.

როგორც ის ღია წერილში აღნიშნავს, ნანა გეგეჭკორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კონკრეტულად კონკრეტულად COVID 19-ის საწინააღმდეგო სამსახური ძალიან ცუდად მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE თენგიზ ცერცვაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„სამწუხაროდ, ქ-ნი ნანა გეგეჭკორი, რომელიც აშშ-ში საქმიანობს, თავის პოსტებში სისტემატურად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და კონკრეტულად COVID 19-ის საწინააღმდეგო სამსახური ძალიან ცუდად მუშაობს. ამისთვის იგი არ ერიდება ტყუილს, ფაქტების დამახინჯებას და დემაგოგიას. ბოლო პოსტებში ქ-ნი ნანა იქამდეც კი მივიდა, რომ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ საქართველოში COVID 19-ის მხრივ ინდოეთზე ცუდი მდგომარეობაა?! ხოლო ინდოეთში რა საშინელებაც ხდება, ყველამ ვიცით. ის აგრეთვე ამბობს, რომ საქართველოს „არა აქვს უნარი მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს“ (გულისხმობს ვაქცინაციის შედეგად განვითარებულ ფატალურ შემთხვევას) და რომ „მისი სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ ებაროს, თავს დაუცველად იგრძნობდა“ და ა.შ.

ჩვენთვის გაუგებარია, თუ საიდან უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ქალბატონს ამდენი ბოღმა და ღვარძლი საკუთარი სამშობლოს მიმართ. ქ-ნო ნანა, თუ ინდოეთთან ასოციაცია მხოლოდ იმიტომ გაგიჩნდათ, რომ საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე ინდოეთზე მეტი COVID გარდაცვლილია, მაშინ ამერიკაში კიდევ უფრო მეტი გარდაცვლილია (ბევრად მეტი), კერძოდ, ა.წ. 29 აპრილის მონაცემებით ინდოეთში ოფიციალური მონაცემებით ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე მოდიოდა 150 გარდაცვლილი, საქართველოში 1032, ხოლო აშშ-ში 1771. რა გამოდის ამერიკა მთლად წყალწაღებული ყოფილა? სინამდვილეში შესანიშნავად იცით, რომ ინდოეთში გარდაცვლილთა აღრიცხვა არაზუსტია და გარდაცვლილთა რეალური რიცხვი სულ ცოტა 10-ჯერ უფრო მეტია. ესეც რომ არ იყოს, როგორ ადარებთ საქართველოს ინდოეთს, სადაც COVID ავადმყოფები ჰოსპიტალური საწოლების, სამედიცინო სერვისების, მედიკამენტების და განსაკუთრებით ჟანგბადის არქონის გამო მასიურად იღუპებიან ბინებში, საავადმყოფოს ეზოებში, ქუჩებშიც კი.

კრემატორიუმები კრემაციას ვერ აუდიან და მოსახლეობა ტყეში ხეებს ჭრის?! და კოცონებს ანთებს?! რათა გვამების კრემაცია შეძლონ. გაგიგიათ, რომ საქართველოში ოდესმე მსგავსი ხდებოდა? თუ თქვენ გინდათ, რომ ასე იყოს.

საქართველოში ხომ COVID პაციენტთა ნაკადების მართვა და მით უმეტეს ჰოსპიტლებში მათი მკურნალობა ერთ- ერთი საუკეთესოა (მოგწონთ ეს თქვენ, თუ არა). თვით ყველაზე მძიმე ნოემბერ-დეკემბერშიც კი მართალია გვქონდა სერიოზული ხარვეზები და შეფერხებები, მაგრამ მაინც ნაკლები, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებს. თუ მაინცდამაინც COVID გარდაცვლილთა რაოდენობით გინდათ ქვეყანა შეაფასოთ, მაშინ შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა საქართველოზე შეუდარებლად უფრო მდიდარი და ძლიერია და თან მოსახლეობის ნახევარი უკვე ვაქცინირებული გყავთ (საქართველოში მხოლოდ 2%), ა.წ. 29 აპრილის მონაცემებით საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე 1032 COVID გარდაცვლილი იყო, ხოლო თქვენს „მშობლიურ“ ამერიკაში – 1771 გარდაცვლილი, იტალიაში – 1996 გარდაცვლილი, საფრანგეთში – 1594 გარდაცვლილი, ესპანეთში – 1666 გარდაცვლილი, ბრიტანეთში – 1870 გარდაცვლილი, ბელგიაში – 2079 გარდაცვლილი, ლიტვაში – 1458 გარდაცვლილი, ლატვიაში – 1140 გარდაცვლილი, სომხეთში – 1384 გარდაცვლილი, მოლდოვაში – 1499 გარდაცვლილი, ჩეხეთში – 2729 გარდაცვლილი, პოლონეთში – 1785 გარდაცვლილი….. გავაგრძელოთ, თუ საკმარისია? დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ბოლო 3 თვის გარდაცვალების მაჩვენებლებშიც (ბრიტანეთის გარდა). კიდევ ერთი მაჩვენებელი.

ჰოსპიტალში მკურნალობის და მოვლის ხარისხის მთავარი და ყველაზე უტყუარი მაჩვენებელია ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევას შორის გარდაცვლილთა პროცენტი (ე.წ. CFR), რომელიც საქართველოში 1,33%-ია, მაშინ როდესაც ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში 1,5%-დან 3%-მდე და უფრო მეტი (აღარ ჩამოვთვლი). COVID პაციენტთა ნაკადების მართვის ეფექტიანობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მაჩვენებელი კი ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, თავშესაფრებში, COVID სასტუმროებში) გარდაცვლილთა რაოდენობაა – საქართველოში პანდემიის დაწყებიდან ჰოსპიტალს გარეთ სულ გარდაცვლილია მხოლოდ 42 COVID ავადმყოფი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპასა და ამერიკაში (ინდოეთზე აღარაფერს ვამბობ). ქ-ნო ნანა ძალიან გთხოვთ გულწრფელად და პირდაპირ გვითხრათ – რამდენი COVID ავადმყოფია ამერიკაში გარდაცვლილი ჰოსპიტალს გარეთ (ბინებში, თავშესაფრებში და სხვ.). მაგ. ბრიტანეთში, რამდენადაც ვიცით (მათივე მონაცემებით) 7 ათასზე მეტი ასეთი ავადმყოფია, ხოლო საფრანგეთში შემოდგომაზე მარტო 1 კვირაში თავშესაფრებში 400-მდე ავადმყოფი გარდაიცვალა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ასეთი შედეგების მიღწევა საქართველოსნაირი მწირი რესურსების მქონე ქვეყანაში გაცილებით უფრო ძნელია და ექიმებისგან გაცილებით უფრო დიდ პროფესიონალიზმს და თავგანწირვას მოითხოვს, ვიდრე უმდიდრეს და უძლიერეს ამერიკაში, ან თუნდაც ევროპაში.

ქ-ნო ნანა! თქვენ ამბობთ, რომ თქვენი სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვას რომ ებაროს, თავს დაუცველად იგრძნობდით და გართობებზე ვერ ივლიდით?! ამერიკაში ხომ გრძნობთ თავს დაცულად? რამდენადაც ვიცით, ორჯერ გადაიტანეთ COVID და თან პირველად (თქვენივე სიტყვებით) COVID ტესტიც კი ვერ გაიკეთეთ, რადგან თქვენი სამსახურის პროტოკოლი ამას არ ითვალისწინებდა. ამაზე მეტი საქართველოში რა დაგემართებოდათ? ან კიდევ ის 600 ათასამდე ამერიკელი, რომლებიც COVID-სგან გარდაიცვალნენ, თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ, ვიდრე საქართველოში, სადაც სულ 4200 გარდაცვლილი გვყავს? ისე, რომ იცოდეთ, უცხოეთის მოქალაქეები, რომელთაც COVID საქართველოში გადაიტანეს და საქართველოს მოქალაქეები, ვინც COVID უცხოეთში გადაიტანა, თითქმის ერთხმად აღნიშნავენ საქართველოში COVID მომსახურების უკეთეს დონეს. თქვენ ამბობთ, რომ გულწრფელად გტკივათ გული რასაც საქართველოში ყოველდღე უყურებთ.

რა საჭიროა ეს „ნიანგის ცრემლები“? ვიღაც მართლა იფიქრებს, რომ ჩვენთან COVID-ის კუთხით რაღაც საშინელება ხდება და თქვენთან სამოთხეა. სინამდვილეში თქვენ გული სწორედ იმიტომ გტკივათ, რომ საქართველოში COVID-ს კარგად მართავენ. მართლა მაინტერესებს, რას უყურებთ (COVID-თან მიმართებაში და არა პოლიტიკაში ან ეკონომიკაში) საქართველოში ყოველდღე ისეთს, რასაც ევროპასა და ამერიკაში ვერ ხედავთ. იმას, რომ ლოს-ანჯელესში, ლონდონში, პარიზში, სტოკჰოლმში და სხვა დიდ ქალაქებში არ ჰყოფნიდათ და არ ყოფნით ჰოსპიტალური საწოლები მძიმე ავადმყოფებისთვის, რის გამოც კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების გრძელი რიგები იდგა და მძიმე COVID ავადმყოფებს უხდებოდათ საშუალოდ 8 საათის გატარება სასწრაფო დახმარების მანქანაში, სანამ მათი ჰოსპიტალიზაცია მოხერხდებოდა. ბევრი მათგანი კი საავადმყოფოში საერთოდ ვერ ხვდებოდა და ისე კვდებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მიღებული ჰქონდათ მითითება, მოეხდინათ ავადმყოფების პრიორიტიზირება (ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მედიცინაში) და არ გადაეყვანათ კლინიკაში ე.წ. უიმედო ავადმყოფები?! ასევე არ გადაეყვანათ 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები?! (შვედეთში) ვინაიდან არ ჰყოფნიდათ საწოლები, აგრეთვე ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალი იყო?! (რადგან ჟანგბადი არ ჰყოფნიდათ) გადატვირთულ მორგებთან რეფრიჟერატორები მორიგეობდნენ და გარდაცვლილთა დაკრძალვას ვერ აუდიოდნენ. საფრანგეთიდან მძიმე ავადმყოფები გერმანიაში გადაჰყავდათ.

ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ მათი ჯანდაცვა ჩამოიშალა, ან ჩამოშლის პირასაა. ყველაფერ ამას რომ უყურებდით, გული არ გტკიოდათ? საქართველოშიც იყო სერიოზული სიძნელეები (ნოემბერ-დეკემბერში), მაგრამ არა ასეთი. და ყველაფერ ამის შემდეგ თქვენ კიდევ ამბობთ, რომ საქართველოში ისეთ რაღაცებს ხედავთ (COVID-თან დაკავშირებით), რაზედაც გული ძალიან გტკივათ. თქვენ მიანიშნებთ, რომ საქართველო COVID სტაბილურობას მხოლოდ ჩაკეტვებით და კომენდანტის საათით ინარჩუნებს (ეს თქვენ გინდათ, ასე იყოს), მაშინ როდესაც საქართველოში შეზღუდვები კარგა ხანია მინიმალურია, ე.წ. მესამე მკაცრი ლოქდაუნი არ ყოფილა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში (ისრაელშიც კი) შეზღუდვები გაცილებით უფრო მკაცრი იყო და ბევრგან ახლაც მკაცრია (მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაახლოებით მესამედი უკვე ვაქცინირებული ჰყავთ).

რაც შეეხება თქვენს შეფასებას, რომ საქართველოს „არა აქვს უნარი მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს“, როგორ შეიძლება ერთადერთი ფატალური შემთხვევის ასე დრამატიზება და მოსახლეობის დათრგუნვა. ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამერიკაში (ოფიციალური მონაცემებით) მარტო პენიცილინზე ანაფილაქსიით წელიწადში დაახლოებით 500 ავადმყოფი იღუპება. რა გამოდის, არც ამერიკას არ შეუძლია მარტივი გართულებების უპრობლემოდ მართვა? ისიც ხომ ფაქტია, რომ ვაქცინების შემდგომი გართულებები (მათ შორის ფატალური) ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა და თან არაერთი. და ბოლოს, ქ-ნო ნანა. ამერიკიდან რომ გვედიდგულებით, სადაც უთქვენოდაც მშვენივრად გაართმევენ ყველაფერს თავს, თუ მართლა ასე ძალიან გტკივათ გული იმაზე, რომ საქართველოში COVID აპოკალიფსია და ქვის ხანაში ვართ, რატომ არ ჩამობრძანდით ერთხელ მაინც როგორც ეს ბ-ნმა დავით მრელაშვილმა და სხვებმა გააკეთეს და რატომ არ შეეცადეთ ერთი COVID ავადმყოფი მაინც გადაგერჩინათ ჩვენი „უვარგისი“ ჯანდაცვის სისტემისგან. თორემ ის, რომ სადღაც რაღაცას ამოიკითხავთ და შემდეგ ფეისბუკზე დადებთ (რაც ისედაც ყველამ იცის), ამით საქართველოს ბევრს ვერაფერს უშველით. ის თუ გახსოვთ ქ-ნო ნანა, როგორ „გვაბულინგებდით“ თქვენ და თქვენი ასოციაციის წევრები საქართველოში რემდესივირის შემოტანაზე. მაშინ, როდესაც შესანიშნავად იცოდით, რომ რემდესივირი სწორად გამოყენებისას (ადრეულ სტადიაზე) ძალიან კარგად მუშაობს და ამერიკაში standard of care-ში არის შეტანილი და რატომ გინდოდათ, რომ მაინცდამაინც საქართველოში დარჩენილიყვნენ ავადმყოფები რემდესივირის გარეშე? სხვათა შორის საქართველოში რემდესივირი ძალიან კარგად მუშაობს და ბევრი ავადმყოფი გადაარჩინა დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და შესაძლო სიკვდილს. მინდა იცოდეთ, იმ კლინიკებს, რომლებიც სამწუხაროდ, თქვენი და თქვენი თანამოაზრეების გავლენის ქვეშ მოექცნენ და ავადმყოფებს რემდესივირს ჯიუტად არ უნიშნავენ, ბევრად უფრო ცუდი გამოსავლები აქვთ (ოფიციალური სტატისტიკით) და რაც მთავარია, ავადმყოფები ზარალდებიან.

რაც შეეხება COVID ვაქცინაციას, რომელიც დღეს პანდემიის დაძლევის მთავარი საშუალებაა, თქვენ აქაც არაგულწრფელი ბრძანდებით. ერთი მხრივ ამბობთ, რომ ვაქცინაცია საჭიროა, მაგრამ იქვე დასძენთ, რომ საქართველოს არა აქვს ვაქცინის შემდგომი მარტივი გართულებების მართვის უნარი?! და თქვენ ქართულ ჯანდაცვის სისტემაში თავს დაუცველად იგრძნობდით?! ამაზე მეტი ანტიპროპაგანდა რა გინდათ? ამით ძალიან ცუდ სამსახურს უწევთ ქვეყანას. მით უმეტეს, რომ საზოგადოების ნაწილს გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ რახან ამერიკაში მუშაობთ, თქვენი ყველა სიტყვა დასაჯერებელია და ესეც არის ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) მიზეზი იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული ვაქცინაციის სამსახურია და ვაქცინების არჩევანიც საკმარისია (Pfizer, AstraZeneca, Sinopharm და სხვ.) მაინც მოსახლეობის 2%-იც კი არ არის ვაქცინირებული. არადა, თეორიულ განსჯას რომ თავი დავანებოთ, ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბრიტანეთის, ამერიკის და სხვა ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, რომ მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციით არის შესაძლებელი COVID-19-ის ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით სიკვდილიანობის კლება და შესაბამისად, ყოველგვარი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფად მოხსნა და ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

ქ-ნო ნანა, თქვენ სავარაუდოდ კარგი ექიმი ბრძანდებით სერიოზული გამოცდილებით და მით უფრო სამწუხაროა, რომ საქართველოს მიმართ ასეთი პოზიცია აირჩიეთ. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ წინამდებარე წერილში ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტები და შეფასებები სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც თბილისში იქნებით, სიამოვნებით შეგხვდებით ტელედებატებში ან თუნდაც ავადმყოფის საწოლთან, რათა გავარკვიოთ ვინ ვინ არის“, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის წერილში.