მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გეგმა უნდა არსებობდეს, არ ვართ დარწმუნებული, რომ ევაკუაცია საჭიროა ან არ არის საჭირო“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე

სეისმოლოგი ლაშა სუხიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე მეწყრულ ნაპრალებსა და მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა.  

როგორც ლაშა სუხიშვილმა მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, რომელზეც ჯერ კონკრეტული პასუხები არ არსებობს.

სუხიშვილი ამბობს, რომ ის ბლოკი, რომელიც ნაპრალით არის გამოყოფილი დანარჩენი ფერდისგან დინამიკაშია და გადაადგილების სიჩქარე არ არის ნელი.

„ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გავცეთ. ის ბლოკი, რომელიც ნაპრალით არის გამოყოფილი დანარჩენი ფერდისგან - დინამიკაშია და გადაადგილების სიჩქარე არ არის ნელი, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევდეს. ე.წ. სხლეტვის ზედაპირი, მეწყრის სისქე მდებარეობს დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეზე. მალე გვექნება იმის თქმის საშუალება თუ რა პროცესშია ნაპრალს მიღმა ზონა, რადგან ეჭვი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ის ფერდიც გადაადგილდება. უშუალოდ მისი მიმდებარე ტერიტორია, სამეზობლო რასაც ნაპრალით გამოეყო ეს ბლოკი.

შეიძლება საქმე გვქონდეს და გამოწვევა იყოს არა მარტო ბლოკის გამკლავება, არამედ დანარჩენი ფერდის სტაბილიზაცია. აქ არის გადაადგილების ფარდობითი სიჩქარე. არ გამოვრიცხავთ, რომ გაიზარდოს ან შემცირდეს, თუმცა დღეის მონაცემებით 5 სმ ფართობითია. ბლოკი დანარჩენ ფერდთან მიმართებაში გადაადგილდება 5 სმ-ით. ეს მონაცემი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ პროცესი დაწყებულია დაახლოებით 20-30 დღის წინ.

დღესაც გეოდეზიის ჯგუფი მუშაობს იმისთვის, რომ დადგინდეს გადაადგილების ვექტორი. ეს არის პროცესი, რომელიც ადამიანის თვალისთვის ნელია და არ არის აღქმადი. პირველადი დაკვირვებით ზოგადად მაჭავარიანის ქუჩისკენ გადაადგილდება, ხევის მიმართულებითაც, მარცხენა მხარესაც შეიძლება გადაადგილდებოდეს, თუმცა აქ არის საუბარი მშრალ ხევზე, რომელიც მაჭავარიანის ქუჩას უერთდება. თუმცა ეს ჯერ არის ვარაუდი“, - აღნიშნა ლაშა სუხიშვილმა.

სუხიშვილმა გერმანელ კოლეგებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრ საკითხზე თანხმდებიან.

„დღეს დილით შევხვდით გერმანელ კოლეგებს, გავცვალეთ ჩვენი შეხედულებები. ვთანხმდებით იმაზე თუ რა პროცესი მიდის ფერდზე. ვთანხმდებით, რომ საკმაოდ რთული პროცესია და საკმაოდ დიდი სამუშაოა. ჩვენგან განსხვავებით გერმანელი კოლეგები, ინჟინრები არიან. ჩვენ ინჟინრები არ ვართ და ამ შემთხვევაში მათგან ვისმენთ გადაწყვეტილებებს.

ევაკუაციის გეგმა უნდა არსებობდეს, ჩვენ არ ვართ, დარწმუნებული, რომ ევაკუაცია საჭიროა ან არ არის საჭირო. ვერც ერთს და ვერც მეორეს გამოვრიცხავთ. რთული მონაცემებია მისაღები, რომ ეს პასუხი დავდოთ. იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ მცირე შანსი მაინც არსებობს იმისა, რომ ეს ბლოკი შეეხება მოსახლეობას და რა ხარისხის მონაცემი გვექნება ამის სათქმელად, მთავარია მონაცემი გვქონდეს და ამას ვიტყვით. ქვედა ფერდობზე დღეის მონაცემებით გააქტიურებულია მეწყერი, უფრო მცირე მასშტაბის ვიდრე ეს ბლოკი ან ან ფერდია. შესაფასებელია, ჯერ ვერ გეუბნებით რამდენად მოხდება ამ ორი უბნის ერთმანეთთზე ზედდება“, - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა შეწყდეს ყველა ტიპის მშენებლობა, თუნდაც ისეთი, რომელიც ვიბრაციის წყაროა.

„მშენებლობა უნდა შეწყდეს, საუბარია მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის ისეთ მოქმედებაზე, როგორიც შეიძლება ვიბრაციის წყარო იყოს. ვიბრაციის წყაროები უნდა გაჩერდეს. დღეს განაშენიანება უნდა გაჩერდეს იქამდე, სანამ კითხვებზე პასუხები არ იქნება.

კითხვები, რომელიც ჩვენ თავთან გვაქვს ეს არის დანარჩენი ფერდის გადაადგილება, რა მიმართულებით გადაადგილდება დაძრული ბლოკი, სად სრულდება მეწყერი. ვიზუალურად კი ჩანს, რომ ჩამოჭრილი ადგილია, მაგრამ ჩვენი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ხომ არ გრძელდება მაჭავარიანის ქუჩის ქვეშასაც“, - დასძინა ლაშა სუხიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. შემთხვევის გამო შეზღუდულია მოძრაობა მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე.

თბილისის მერიის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში პროცესის გააქტიურების საკითხს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები შეისწავლიან.

🔴 „მოწყვეტის სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია“ - სეისმოლოგი ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზის მიმდინარე მოვლენებზე

🔴 „მასა მოწყვეტილია, შეიძლება აჩქარებით წამოვიდეს“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე