მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა.

20 კაციანი ჯგუფის წევრები გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე, სამი თვით დასაქმდებიან. პროცესის სამართლებრივ მხარეზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ იზრუნა – გაფორმებულია კონტრაქტები, გერმანიიდან გამოგზავნილია შრომითი ნებართვები, რომელიც შერჩეულ პირებს გამგზავრების წინ ოფიციალურად გადაეცათ.

ჯგუფის წევრებმა გამგზავრებამდე პისიარ–ტესტირებაც გაიარეს, მათ ასევე საორიენტაციო ტრენინგიც ჩაუტარდათ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით. მოქალაქეები სრულყოფილად არიან ინფორმირებული შრომის, საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ, რომელიც გერმანული კანონმდებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. კანდიდატების შერჩევა აჭარის რეგიონიდან დაიწყო, შერჩევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული აჭარის დასაქმების სააგენტოც.

საქართველოს 20 მოქალაქე, რომლებიც საქართველოდან გაგზავნილი აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ გერმანელმა დამსაქმებელმა შეარჩია, ბრანდერბურგის რეგიონში სამი თვით მიემგზავრება და ბოსტნეულის აღებით, დახარისხებით, დაბინავება/დასაწყობებით დაკავდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური განმარტავს, რომ ცირკულარული შრომითი მიგრაცია საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, როგორც არალეგალური მიგრაციის ოდენობის შემცირებისა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის ერთ-ერთ საუკეთესო მექანიზმად.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური აღნიშნავს, რომ უწყება ჯგუფის წევრებთან კომუნიკაციას და მათ მხარდაჭერას განაგრძობს.

„ვიმედოვნებთ რომ მათი გამოცდილება, რასაც ისინი მიიღებენ მუშაობის პერიოდში გერმანიაში, გამოადგებათ სამომავლოდ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იქნებიან იქ ჩასულ შრომით მიგრანტებთან, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათთან კომუნიკაციაში და მივეხმარებით ყველა ასეთი დეტალის მოგვარებაში“, - აღნიშნავს ნინო ველთაური.

იხილეთ აგრეთვე:

✅გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირია დარეგისტრირებული

✅300 000 სამუშაო ადგილი - როგორი ანაზღაურებაა გერმანიაში?

✅გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოცდაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ