მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოჩა ბარნოვი: პატრიარქი თავად უტოლებს თავს სასამართლოს

გოჩა ბარნოვი

„ნებისმიერი გადაწყვეტილება საპატრიარქოს მხრიდან, არის ანტიკანონიკური, ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სამართალს“,- ასე აფასებს თეოლოგი, გოჩა ბარნოვი ბოლო დროს ჭყონდიდის ეპარქიასა და საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს.

საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე სინოდალურმა კომისიამ მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურებიდან განკვეთის შესახებ იმსჯელა, საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს.

თეოლოგი განმარტავს, რომ ეს თემები არ უნდა განიხილებოდეს პატრიარქის მიერ და ყველა მსგავსი გადაწყვეტილება, საპატრიარქოს მხრიდან, ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სამართალს.

„ეს თემები არის სასამართლოს განსახილველი თემები, არ შეიძლება მსგავსი თემები განიხილებოდეს სასამართლოს გარეშე. გამომდინარე იქედან, რომ პატრიარქი თავად უტოლებს თავს სასამართლოს, ვერანაირი სწორი მეთოდი გამოყენებული ვერ იქნება.

ყველა სხვა ავტოკეფალურ ეკლესიაში არის სასამართლო, რომელზეც ხდება ამ დავების განხილვა. ამიტომ, მამა ანდრია სარია იქნება ეს , თუ მეუფე პეტრე ცაავა, მათ უნდა მიეცეთ აპოლოგიის საშუალება, რასაც საპატრიარქო არ იძლევა“,- აღნიშნავს ის PIA.GE-სთან საუბრისას.

თეოლოგი ასევე ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს. როგორც გოჩა ბარნოვი აცხადებს, პეტრე ცაავაც ანტიკანონიკურად ჩამოაშორეს ეპარქიას და ეს გადაწყვეტილება უშუალოდ პატრიარქმა მიიღო.

„ჭყონდიდის ეპარქიაში ყველა ეპისკოპოსი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, იმიტომ, რომ მეუფე პეტრე ანტიკანონიკურად არის განყენებული თავისი ეპარქიიდან, ეს არის პატრიარქის პიროვნული გადაწყვეტილება. საზოგადოდ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადაწყვეტილებებს იღებს ეპისკოპოსთა კრებული და არა ერთი რომელიმე ეპისკოპოსი, ან თუნდაც პატრიარქი. მას არ მისცეს თავის მართლებისა და მტკიცებულებების წარმოდგენის საშუალება... დასასჯელები არიან ის 4 ეპისკოპოსი, რომლებმაც გამოადგეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომიდან“,- ამბობს თეოლოგი.

მისივე თქმით, მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიაში მიზანმიმართულად მიავლინეს, რადგან იცოდნენ მისი ხასიათი. გოჩა ბარნოვის თქმით, ეპისკოპოსს არ აქვს წინამძღვრის არჩევის უფლება.

„რაც შეეხება მეუფე სტეფანეს, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ის ყველაზე მონურ დამოკიდებულებაშია საპატრიარქოსთან, იციან მისი აგრესიული ხასიათი და ამიტომაც გაუშვეს ის ეპარქიაში, წინა ეპისკოპოსმა, გრიგოლ კაციამ ეს არ გააკეთა. მეუფე სტეფანე არის აგრესიული, დაუნდობელი და გაუშვეს ვითომდა მშვიდობის დასამყარებლად... მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს არა აქვს უფლება აირჩიოს წინამძღვარი“.

ინფორმაციისთვის:

საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე სინოდალურმა კომისიამ მამა ანდრია სარიას მღვდელმსახურებიდან განკვეთის შესახებ იმსჯელა, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

გუშინ საპატრიაირქოს შენობასთან ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ და მისმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს ისინი პატრიარქთან შეხვედრას ითხოვდნენ.

გუშინ ჭყონდიდის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის ეპარქიიდან გარიცხა.

აგრეთვე იხილეთ:

🔴ლევან აბაშიძე დედა სოსანაზე: ის არ არის ჭეშმარიტი მონაზონი