მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ბენდელიანი: უნდა გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევაჩეროთ

მერის მოადგილე

დედაქალაქის მერის მოადგილემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელთა გატარებაც ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გააქტიურებული მეწყრული პროცესების შესაჩერებლად იგეგმება.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, უკვე არსებობს პირველადი გეგმა და მერია იწყებს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. მათ შორისაა, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში მდებარე ფერდზე დროებითი წინაღობის გაკეთება.

„სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით, დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევაჩეროთ“,- განაცხადა მან.

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს და ეს მოსაზრება გამყარებულია ქართველი და უცხოელი ექსპერტების დასკვნებით.

„ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაგრამ თუ ეს საფრთხე იარსებებს, დაუყოვნებლივ იქნება შესაბამისი და ყველა საჭირო პრევენციული ზომა მიღებული“,- აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მომავალი კვირის ბოლოს დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მეწყერული ფერდის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ნახევარ მლნ კუბს ვერ გაამაგრებენ“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე