მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივერი მელაშვილის მეუღლე: ველოდები, რომ არა მარტო გაამართლებენ, არამედ ბოდიშს მოუხდიან

ივერი მელაშვილის ცოლი

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლის თამარ სულაძის განცხადებით, რუკა, რომლის საფუძველზეც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება აქვს წაყენებული, რუსეთში კონკრეტულ დროს გამოსაყენებლად იყო გადამალული.

მისი თქმით, აღნიშნული რუკის მოძიება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მომუშავე კომისიის ჩვეულებრივი წევრისთვის შეუძლებელი იყო.

„ამასწინ მოვუსმინე მეცნიერს, რომელმაც თქვა, რომ როცა რუსული ჯარები საქართველოდან გავიდნენ, მათ ყველა არსებული რუკა გაიტანეს და არათუ გაიტანეს, არამედ გადამალეს, რათა კონკრეტულ დროს გამოეყენებინათ. არქივის ჩამონათვალში, სადაც ეს რუკები ინახებოდა, მათ შესახებ არაფერი წერია. ამ რუკებზე ხელი კომისიის ჩვეულებრივ წევრებს არ მიუწვდებოდათ, არამედ მათი მოპოვება შეეძლო მას, ვინც ახლა ჩამოიტანა, იმ დროს, როცა სჭირდებოდა“, - აღნიშნა თამარ სულაძემ.

როგორც ივერი მელაშვილის მეუღლე აცხადებს, დავით გარეჯის საკითხი ხელისუფლებამ არჩევნებზე ხმების მოსაპოვებლად წამოწია.

„უნდათ ხალხს მოატყუონ, რომ ჩვენს კულტურულ ძეგლს ყიდდნენ, ხოლო ისინი ამას არ დაუშვებენ. 24% ყოფილა ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც არ გადაუწყვეტავს ვის მიცემს ხმას და უნდათ ამ ნაწილზე იმოქმედონ“, - განაცხადა თამარ სულაძემ.

მისი თქმით, ივერი მელაშვილი თავს კარგად გრძნობს და აღიარებითი ჩვენების მიცემას არ აპირებს.

„ველოდები, რომ არა მარტო გაამართლებენ, არამედ ბოდიშს მოუხდიან და შელახულ ღირსებას აღიდგენს“, - აღნიშნა თამარ სულაძემ.

⭕ ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.