მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯივიპიმ სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის 30 ქუჩაზე დაასრულა

სარეაბილიტაციო პროექტები დასრულდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი 30 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა.

კომპანიამ შექმნილ ვითარებაში ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შეუფერხებლად შეასრულა სამუშაოები და მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილ ვადაში განახორციელა.

მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ჭავჭავაძის გამზირზე, ვეკუა-ხიზანიშვილის, ნოე ხომერიკის, ლესელიძის, ლეჟავას და რადიანის ქუჩებზე.

საგანგებო რეჟიმში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შეიცვლა 31 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი და ჯამურმა ინვესტიციამ 20 მლნ ლარი შეადგინა.

,,ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია, ის რომ წარმატებით და დაგეგმილ ვადაში დავასრულეთ დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები, მათ შორის ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია. სრულად განვაახლეთ 10 კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების სისტემა, რაშიც 10 მლნ ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ასევე საგანგებო რეჟიმის პირობებში დავასრულეთ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვალა 7,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. აღნიშნული პროექტები დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათ შესრულებას“ - ზურა ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აგრძელებს დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალი პროექტების განხორციელებას. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო პროექტები დაგეგმილია ურიდიას, ორთაჭალის, ჭოველიძის და ლეჩხუმის ქუჩებზე.