მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა ბექაური: სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც, კარგია, რომ ეს გაითავისა ბიზნესმაც

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე

„ყველამ უნდა გაითავისოს, რომ სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც, პასუხისმგებლობა არ არსებობს უფლებამოსილების გარეშე“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი ეკონომიკის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს კანონმდებლობა უნდა აღსრულდეს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან გვაქვს საქმე. როცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან გვაქვს საქმე, აქ სახელმწიფოს როლი და პასუხისმგებლობაც შემოდის, იმიტომ რომ ამ ყველა კომპანიას მილიონობით აბონენტი ჰყავს და მთელი საქართველოს ეკონომიკა მაღალტექნოლოგიური დარგია, რომელიც მთლიანად ეფუძნება ტექნოლოგიურ განვითარებას. ამიტომ, უნდა გაითავისოს ყველამ, რომ სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა არ არსებობს უფლებამოსილების გარეშე და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტი, რათა თუ ეს მსხვილი კომპანიები არ ასრულებენ სახელმწიფო ვალდებულებას და კანონის მოთხოვნებს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი გადაწყვეტილებები ამის ქმედითი აღსრულების, რომელიც ავალებს, შეასრულოს კანონი. ეს ქმედითი აღსრულების ინსტრუმენტია დროებითი მმართველი. კარგია, რომ ბოლოს გაითავისა ბიზნესმაც, შედგა კონსენსუსი და მათ შორის ამ პუნქტსაც ისინი დათანხმდნენ", - განაცხადა ბექაურმა.

ცნობისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში მსჯელობა დღეს 16 ივლისს გაგრძელდა. კანონპროექტს ჯერ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, სადაც მას მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

განხილვის მთავარ საგანს დროებითი მმართველის ინსტიტუტი წარმოადგენს, რომლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მარეგულირებელი კომისია, გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღებილი თუ გაფრთხილება და სამი სანქცია კომპანიის მიერ დარღვევების გამოსასწორებლად საკმარისი არ იქნება.

„ევროპული საქართველოსა“ და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ფრაქციების წევრები დროებითი მმართველის ინსტიტუტის შემოღებას კრიტიკულად აფასებენ და ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ.

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით 15 ივლისს დაამტკიცა.