მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა ბექაური: საქართველოს კომუნიკაციების კომისია მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის სტანდარტს აკმაყოფილებს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს, 10 ივლისს გამართულ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა. კომისიის თავმჯდომარემ ცვლილების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეთავაზებული მექანიზმი თეორიულად არსებულ ყველა მექანიზმს შორის ყველაზე ეფექტური და ნაკლებ შემზღუდავია.

„მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში და სინგაპურში გამოიყენება, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი აზრით, უფრო მძიმე ჩარევას წარმოადგენს და ამავდროულად, ნაკლებ ეფექტური შეიძლება იყოს. მეორე მხრივ, არ არსებობს გარანტია, რომ ეს ღონისძიება უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილების მიზანია ავტორიზებული პირის მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელება და არა მისი მმართველობითი ორგანოების წევრების თავისუფლების აღკვეთა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მნიშვნელოვანი ავტორიზებული პირების ბენეფიციარები, უმეტეს შემთხვევაში, ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიებია, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული აღსრულების მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტური და ნაკლებად შემზღუდველი, არსებულ შესაძლო ალტერნატივებს შორის“,- განაცხადა კომიტეტის სხდომაზე კახა ბექაურმა.

ამას გარდა, კომისიის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს და დაინტერესებულ პირებს შეახსენა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კომისიას კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება პირველივე ჯარიმის შემდეგ შეუძლია. კანონის ახალი ვარიანტის თანახმად, სპეციალური დროებითი მმართველის დანიშვნის ეტაპი, გაცილებით გვიან, მინიმუმ 4 სანქციის შემდეგ დგება. ამიტომ, აღნიშნული ცვლილება უფრო მძიმე რეგულაციად ვერ ჩაითვლება.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღსრულების ასეთ მექანიზმს უკვე იცნობს ქართული კანონმდებლობაც, კერძოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი და არსებობს ამ მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევებიც რეგულირებადი სუბიექტების მიმართ. გასათვალისწინებელია თავად კომუნიკაციების კომისიის ფაქტორიც, რომელიც არსებული კანონმდებლობით ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოა, რომლის ყველა გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიურად, საჯარო სხდომაზე. კომუნიკაციების კომისიის წევრები არჩეული არიან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ და აქვთ მაღალი იმუნიტეტი. ასევე, ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი ვართ ფინანსურად სახელმწიფო ბიუჯეტისგან. საქართველოს კომუნიკაციების კომისია აკმაყოფილებს მსოფლიოში არსებული ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და დამოუკიდებლობის სტანდარტს, რაც ქმნის კომისიის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების, მათ შორის სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების, მაღალი სტანდარტით მიღების გარანტიას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის აღსრულების უზრუნველყოფის შემოთავაზებული ღონისძიება საჩივრდება სასამართლოში, ანუ გადის სასამართლო კონტროლს. ავტორიზებულ პირებს საშუალება აქვთ გაასაჩივრონ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება და საქმის არსებით გადაწყვეტამდე ასევე მოითხოვონ აქტის შეჩერება. აქტის შეჩერების მოთხოვნა ავტორიზებულ პირებს შეუძლიათ სარჩელის აღძვრამდეც კი, ხოლო სასამართლოს აქვს ვალდებულება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად სამი დღის ვადაში განიხილოს აქტის შეჩერების საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებული აღსრულების ღონისძიებები სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია და ყველაზე მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე.