მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველ სტუდენტებს გერმანიაში დასაბრუნებლად მთავრობა დაეხმარება

თვითმფრინავი

„ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე, სწავლის დაწყებამდე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს“ - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ ორი დღის წინ კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი დაამტკიცა.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის ქართველი სტუდენტების გარკვეული რაოდენობა, რომელთაც გერმანიაში სწავლის დაწყებამდე, დროზე ადრე სურთ ჩასვლა იმის გამო, რომ აქვთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა - თბილისი-ბერლინი-თბილისი. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავა სტუდენტებს მოუწოდებს, რეისზე ბილეთების შეძენის მიზნით დროულად მიმართონ სსიპ „ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს“.

„ვინაიდან ეს არის სუბსიდირებადი ფრენა და, აქედან გამომდინარე, ბილეთების და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, სტუდენტებს მოვუწოდებ, რომ დროულად მიმართონ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს - სსიპ-ს, რომელიც შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში და აუცილებლად წარადგინონ დასაქმების კონტრაქტები, რათა დაზღვეულები იყვნენ და აუცილებლად ჰქონდეთ ბორტზე ადგილები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ გერმანიაში დაბრუნების საკითხში“, - განაცხადა ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.